დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

უმაღლესი რადა NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადის განსაზღვრას ითხოვს

უკრაინის უმაღლეს რადაში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ქვეყნების მთავრობებს სთხოვენ, განისაზღვროს უკრაინის NATO-ში გაწევრიანების ზუსტი ვადა.

უკრაინის უმაღლესმა რადამ ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართა გაერო-სა და ევროპულ პარლამენტს, ასევე ევროპული ქვეყნების პარლამენტებს.

"უმაღლესი რადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ევროპულ პარლამენტს, სხვა ქვეყნების მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს საპარლამენტო ასამბლეებს მიმართავს და მოუწოდებს: მხარი დაუჭირონ უკრაინის მისწრაფებას და ევროპული პერსპექტივის აღიარებას, განისაზღვროს ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადა და მოდელი", – ითხოვენ უმაღლეს რადაში. 

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 282-მა დეპუტატმა, თითქმის ყველა პოლიტიკური ფრაქციის წარმომადგენელმა.

მოთხოვნაში ხაზგასმულია, რომ NATO-ში გაწევრიანება უკრაინის კონსტიტუციაშია ჩაწერილი. ასევე, ნახსენებია ბოლო სოციოლოგიური კვლევები, რომელთა მიხედვითაც, უკრაინელთა დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. ხაზგასმულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაც, რომელშიც დადებულია პირობა, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება. 

უმაღლესი რადის წევრები საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული რუსული ქმედებების დაგმობისკენაც მოუწოდებენ.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები