დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ევროკავშირი: 21-ე საუკუნეში გავლენის სფეროების ცნებების ადგილი აღარაა

24 იანვარს ევროკავშირის საგარეო მინისტრების საბჭოზე მიიღეს დასკვნა ევროპული უსაფრთხოების სიტუაციის შესახებ.

მინისტრთა საბჭომ დაგმო რუსეთის აგრესიული ქმედებები და მუქარა უკრაინაზე. მოსკოვს მოუწოდეს დეესკალაციისკენ და კონსტრუქციული დიალოგისკენ. ამას გარდა, რუსეთი ევროლავშირის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გააფრთხილეს საპასუხო სანქციებით, თუ ის უკრაინაში შეიჭრება.

საბჭოს თქმით, "21-ე საუკუნეში "გავლენის სფეროების" ადგილი აღარაა". 

ასევე, მინისტრთა საბჭომ გამოხატა მზაობა, დაეხმაროს უკრაინას კიბერ და ჰიბრიდულ საფრთხეებთან, ასევე დეზინფორმაციასთან გამკლავებაში. განიხილება უკრაინისთვის პროფესიული სამხედრო განათლების კუთხით დახმარებაც. 

"საბჭო გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და მუქარას, მოუწოდებს მას დეესკალაციისკენ, საერთაშორისო სამართლისთვის დამორჩილებისკენ და არსებული საერთაშორისო მექანიზმების მეშვეობით კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვისკენ.

ევროპული უსაფრთხოების მთავარი პრინციპების შესაბამისი დიალოგი არის უსაფრთხოების სიტუაციისა და ჩვენს კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვის გზა. "გავლენის სფეროს" ცნების ადგილი 21-ე საუკუნეში აღარაა. ჩვენი უსაფრთხოებისა და სტრატეგიული ინტერესების საკითხებზე აქტიურად განვაგრძობთ ჩვენი პოზიციების კოორდინირებას და ხელშესახებად ჩავერთვებით არსებული ფორმატების განხილვების ფარგლებში, მათ შორის იმ ფორმატებშიც, რომლებიც რუსეთსაც მოიცავს", – წერია დასკვნაში.

დასკვნაში კიდევ ერთხელ აქვს ხაზი გასმული ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიოტირული მთლიანობის, ასევე სახელმწიფოების მიერ საკუთარი უსაფრთხოების შესაბამისი ზომების მიმართვის თავისუფლების პრინციპების პატივისცემას. 

"ეს პრინციპები არც მოლაპარაკების და არც შესწორების, ან ხელახალი ინტერპრეტაციის საგანი არაა. რუსეთის მიერ მათი დარღვევა არის დაბრკოლება ევროპაში საერთო და განუყოფელი უსაფრთხოების სივრცისთვის და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას ჩვენს კონტინენტზე", – წერენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ დასკვნაში. 

"2021 წლის დეკემბრის დასკვნების შესაბამისად, საბჭო იმეორებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ნებისმიერ სამხედრო აგრესიას ფართო შედეგები და ძვირი საზღაური მოჰყვება. მათ შორის, გათვალისწინებულია სექტორული და პიროვნული შეზღუდვების ფართო სპექტრი, რომლებიც პარტნიორებთან შეთანხმებით იქნება შემოღებული", – წერია საბჭოს დასკვნაში.

დოკუმენტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეუთო-ს და მისი სამშვიდობო ფორმატების როლს მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

დასკვნაში ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს;

ასევე – სტრატეგიად ვერგადაქცეული დასავლური იდეალების კრიზისი – ინტერვიუ დამირ მარუშიჩთან.

კომენტარები