დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

"გამოვუცხადე მტკიცე თანადგომა" – ზალკალიანი უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

დავით ზალკალიანი
ფორმულა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრ დავით ზალკალიანსა და მის უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 

უწყების ინფორმაციით, საუბრისას დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მტკიცე თანადგომა გამოუცხადა არსებულ რთულ ვითარებაში. მათივე ცნობით, ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა ოკუპაციასთან დაკავშირებული საერთო გამოწვევების წინაშე დგანან.

"გამოვუცხადე მტკიცე თანადგომა და სოლიდარობა არსებულ რთულ ვითარებაში. საუბრისას ხაზი გაესვა, რომ ჩვენ ვდგავართ საერთი გამოწვევის წინაშე, რაც მრავალი წელია უკვე დაკავშირებულია ოკუპაციასთან. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხი სოლიდარულია მეგობარი უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ ამ მძიმე პერიოდში. ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია, უკრაინის საზღვრებთან მიმდინარე პროცესებზე, ასევე ვისაუბრეთ დასავლელი პარტნიორების რუსეთთან მიმდინარე დიალოგის პარალელურად, უკრაინის და საქართველოს მაღალი დონის წარმომადგენლებთან კომუნიკაციაზე და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები, როგორც აშშ, ისე NATO, ერთიანი არიან საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტის უფლებების დაცვაში".- ამბობს ზალკალიანი. 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია აშშ-ის და NATO-ს მტკიცე პოზიცია, რომ გადაწყვეტილებები, საქართველოს და უკრაინის შესახებ არ იქნება მიღებული, თავად ამ ქვეყნების ჩართულობის გარეშე. 


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები