დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბორელი: უკრაინიდან ევროკავშირის დიპლომატების ოჯახების გაყვანა არ იგეგმება

ჯოზეფ ბორელი
European Interest

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი არ გეგმავს დიპლომატებისა და მათი ოჯახების უკრაინის გაყვანას. ამის შესახებ ჯოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე ისაუბრა ბრიუსელში. 

"ბლინკენი განგვიმარტოს აშშ-ს გადაწყვეტილების მიზეზებს. ჩვენ არ ვაპირებთ იმავე გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ ჯერ აშშ-ს წარმომადგენლის მიზეზიც არ ვიცით. ჩვენ არ გვსურს სიტუაციის დრამატიზება. მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს. არ მგონია, რომ დიპლომატებს უკრაინის დატოვება მოუწევთ. თუმცა, შესაძლოა, ველოდებით ბლინკენის განმარტებებს". - თქვა ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებს ნებაყოფლობით უკრაინის დატოვების უფლება მისცა, ხოლო თანამშრომლების ოჯახის წევრებს ქვეყნის დატოვების მითითება მისცა. 

უკრაინაში აშშ-ს საელჩოს განმარტებით, თანამშრომლებს ქვეყნის დატოვება სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ და ეს სავალდებულო არ არის, თუმცა საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებმა უკრაინა უნდა დატოვონ. საელჩოს განმარტებით, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება რუსეთისგან მომავალი ზრდადი საფრთხით არის განპირობებული. 

"ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და ასევე ვრჩებით დეპარტამენტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტის, ჩვენი დიპლომატების და ამერიკელი ხალხის უსაფრთხოების დაცვის ერთგული. შეერთებული შტატები ხაზს უსვამს, რომ აშშ-ს საელჩო კიევში რჩება ღია ჩვეულ სამუშაო რეჟიმში. ასევე ხაზს ვუსვამთ, რომ მისის წევრებისთვის ქვეყნის დატოვების უფლების მიცემა არ იქონიებს გავლენას უკრაინის გარშემო რუსეთის შემაშფოთებელი სამხედრო მობილიზაციის გადასაჭრელად დიპლომატიური გადაწყვეტის ძიებაზე." – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე გასცა დამატებითი რეკომენდაცია თავისი მოქალაქეებისთვის, არ ჩასულიყვნენ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გაზრდილი საფრთხის გამო. ძალაშია გაფრთხილების მეოთხე დონე. თუმცა საელჩო ასევე აღნიშნავს, რომ გაფრთხილების მეოთხე დონე უკვე ძალაში იყო Covid-19-ის გავრცელების გამო.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო AFP-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ საელჩო გაფრთხილებულია, რომ რუსეთი უკრაინაში "ნებისმიერ დროს" შეიძლება შეიჭრას. 


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები