პოლიტიკური კრიზისი

პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე: რა თქმა უნდა, შეხვედრის ჩაშლის მიზეზი მოუცლელობა არ ყოფილა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტარებთან შეხვედრა მისი მოუცლელობის გამო არ ჩაშლილა. პაპუაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებს სიცრუეს უწოდებს. ამის შესახებ მან TV პირველთან ისაუბრა. 

"ჟან მონეს დიალოგი წარმოადგენს ფორმატს საქართველოს პარლამენტს თავმჯდომარის და ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შორის და ამიტომ, საჭიროა, რომ ეს შეთანხმებით შედგეს მანამ სანამ იქნება ასეთი სახის ღონისძიება დაგეგმილი და ეს კომუნიკაცია გვქონდა მათ შორის ამ ჯგუფთანაც. 

როდესაც შევიტყვეთ, რომ აპირებდნენ ჩამოსვლას, მაშინვე შევატყობინეთ, რომ საჭიროა, მით უმეტეს ახალარჩეული ჰყავს თავმჯდომარე, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტს. იცით, რომ დიალოგი ჯერ დაწყებული არ არის, ფორმალურად ამას სჭირდება ევროპარლამენტის თავმჯდომარის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის მემორანდუმის გაფორმება და სწორედ ეს მიზეზები მოვახსნეთ ჩვენ ევროპარლამენტარების ჯგუფს".- ამბობს პაპუაშვილი. 

კითხვაზე, განცხადებაში თუ რატომ ჩაწერეს ევროპარლამენტარებმა, რომ მას არ ეცალა, პაპუაშვილი პასუხობს, რომ "რა თქმა უნდა, მიზეზი ეს არ ყოფილა". 

"განმარტებები პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა გააკეთა საჯაროდ და კომუნიკაციაც გვქონდა, რომ გაასაჯაროვონ მთლიანი კომუნიკაცია. დანარჩენს ვერ გეტყვით, ეს მათ[ევროპარლამენტარებს] უნდა ჰკითხოთ. 

პროცესი უნდა წარიმართოს იმ წესების და ფორმატის მიხედვით, რომელიც არსებობს ჯან მონეს დიალოგში".- ამბობს შალვა პაპუაშვილი. 


21 იანვარს ევროპარლამენტის წევრებმა, ვიოლა ფონ კრამონმა, მარიამ ლექსმანმა და მარინა კალიურანდიმ საქართველოში ჟან მონეს დიალოგის ფორმატის შექმნასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

ევროპარლამენტარების ცნობით, 21-22 იანვარს თბილისში დაგეგმილი ვიზიტი ვერ შედგა, რადგან შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრისთვის დრო არ გამონახა.  

ჟან მონეს ფორმატის შექმნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიებისთვის შეთავაზებულ დოკუმენტში იყო განსაზღვრული.

კომენტარები