პოლიტიკური კრიზისი

"ევროპარლამენტარების განცხადება პოლარიზაციის რისკებს ზრდის" – პაპუაშვილის კაბინეტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი ჟან მონეს დიალოგის ფორმატის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ 21 იანვარს ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებული განცხადება მხოლოდ და მხოლოდ ზრდის პოლარიზაციის რისკებს და ხელს არ უწყობს დიალოგის დაწყების პროცესს.

შალვა პაპუაშვილის კაბინეტის მიერ მომზადებულ ტექსტში წერია, რომ შემდგომი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, სასურველია ევროპარლამენტის შესაბამისმა სამსახურებმა სრულად გაასაჯაროვონ საქართველოს პარლამენტის კაბინეტთან წარმართული კომუნიკაცია ჟან მონეს დიალოგის მოსამზადებელ ვიზიტთან დაკავშირებით.

"ჟან მონეს დიალოგი არის არა სპონტანური და ცალმხრივად დაგეგმილი აქტივობების ფორმატი, არამედ თანამშრომლობაზე დაფუძნებული პროცესი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მისი სწორი მომზადება და განხორციელება, რათა ეს ინსტრუმენტი პოლარიზების შემცირების ნაცვლად, თავად არ იქცეს პოლარიზების წყაროდ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ ჟან მონეს დიალოგის ინიცირებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის პრეზიდენტთან კომუნიკაციის დაწყების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის ახალი თავმჯდომარე და ევროპარლამენტის ახალი პრეზიდენტი იქნა არჩეული.

დიალოგის პროცესში, თავმჯდომარეების პირადი როლისა და ჩართულობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, დიალოგის დაწყების მომზადებამდე, შედგეს შეხვედრა ახალარჩეულ თავმჯდომარეებს შორის და მოხდეს შეთანხმება დიალოგის წარმართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მოსამზადებელი ვიზიტის დაგეგმვა სწორედ ამის შემდეგ იქნება ლოგიკური და მიზანშეწონილი". – ვკითხულობთ პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ, 21 იანვარს ევროპარლამენტის წევრებმა, ვიოლა ფონ კრამონმა, მარიამ ლექსმანმა და მარინა კალიურანდიმ საქართველოში ჟან მონეს დიალოგის ფორმატის შექმნასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

ევროპარლამენტარების ცნობით, 21-22 იანვარს თბილისში დაგეგმილი ვიზიტი ვერ შედგა, რადგან შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრისთვის დრო არ გამონახა.  

ჟან მონეს ფორმატის შექმნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიებისთვის შეთავაზებულ დოკუმენტში იყო განსაზღვრული.

კომენტარები