დევნილები

TI: 2019-2021-ის ბიუჯეტში დევნილთა საცხოვრებლის გაუმჯობესებაზე 218 მლნ ლარი გამოიყო

ტაბულა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ანგარიშს ავრცელებს, რომლის თანახმადაც, 2019-2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტების მიხედვით, დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე 218 მლნ ლარი დაიხარჯა. 2013-2018 წლებში კი დევნილთა საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის წლიურად საშუალოდ 59 მლნ ლარი იხარჯებოდა.

საქართველოში რეგისტრირებულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი 92,079 ოჯახი,  286,442 იძულებით გადაადგილებული პირი. აქედან სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი ფართით 50,000-მდე დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული.TI-ის მიხედვით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საცხოვრებელი კორპუსების აშენებაზე 2019 წელს 70 მლნ ლარი დახარჯა.

რაც შეეხება 2020-2022 წლებს, განცხადების თანახმად, კორპუსების აშენებაზე გამოყოფილი თანხები მნიშვნელოვნად შემცირდა. პრობლემურია დევნილთა საცხოვრისის მდგომარეობა: TI-ის ცნობით, 71-ზე მეტი ობიექტია შეფასებული ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველად.

"სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშში საუბარია, რომ 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან განსახლებული ოჯახების რაოდენობა 92 ოჯახით შემცირდა. 2019 წელს სულ 245 ოჯახი განსახლდა. დარჩენილი კომპაქტურად განსახლების ობიექტების მდგომარეობა კი დროდადრო კიდევ უფრო მძიმდება. სახალხო დამცველის 2020  წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წელს, გასული წლებისაგან განსხვავებით, ყველაზე მეტი  - 711 ოჯახი განსახლდა. თუმცა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტების რიცხვი კვლავ მაღალია. ექსპერტიზის საფუძველზე 71 ობიექტია შეფასებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველად. თუმცა, შესაძლოა მათი რაოდენობა მეტი იყოს, რადგან ყველა ობიექტი არ არის შემოწმებული ექსპერტიზის მიერ". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

საერთაშიროსო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, დევნილთა სიცოცხლისთვის საშიში ზოგიერთი ობიექტის მდგომარეობა წლებია უცვლელი რჩება. ორგანიზაციის რეკომენდაციით, მთავრობისთვის მათი განსახლება და ამ მიმართულებაზე ბიუჯეტიდან მეტი თანხის გამოყოფა პრიორიტეტი უნდა იყოს.

"სიცოცხლისთვის საშიში ზოგიერთი ობიექტისთვის წლებია რეალურად არაფერი იცვლება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ობიექტებში მცხოვრები დევნილების პრობლემები მედიაში აქტიურად შუქდება. ამის ბოლო მაგალითია თბილისში ყოფილ სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილი ოჯახები."- წერია TI-ის განცხადებაში.

ანგარიშში ასევე საუბარია სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილთა მდგომარეობაზე. 

"ქართლში მცხოვრები დევნილი ოჯახები, რომელთა გაუსაძლის მდგომარეობაში ცხოვრება ექსპერტიზის დასკვნის გარეშეც აშკარაა. 17 იანვარს ქართლში მცხოვრებმა დევნილებმა მთავრობისგან საცხოვრებელი ფართების მიღების მიზნით შიმშილობის აქცია დააანონსეს, რომელსაც წინა დღით ტრაგიკული შემთხვევა, თვითმკვლელობა უძღოდა წინ". - წერია ანგარიშში.


16 იანვარს სანატორიუმ ქართლის შენობაში მცხოვრებმა კაცმა თავი მოიკლა. სხვა დევნილების თქმით, 53 წლის კაცმა თავი პროტესტის ნიშნად მოიკლა, რადგან წლებია, იქ მცხოვრები ადამიანები ავარიულ შენობას აპროტესტებენ.

ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მედიას მოუწოდებს, დევნილების დასახლებაში მომხდარი თვითმკვლელობის ფაქტი ზოგადად დევნილების პრობლემებს არ დაუკავშირონ. ზურაბ აზარაშვილის თქმით, პირველადი ინფორმაციით, ეს "უბედური შემთხვევა იყო". 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, რომ მომხდარზე პასუხსიმგებლობა დაეკისროს ჯანდაცვის ახალ მინისტრს ზურაბ აზარაშვილსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრს დავით ფაცაციას და მათ თანამდებობები უნდა დატოვონ. 

20 იანვარს ჯანდაცვის სამინისტორს მიერ გაგზავნილი წერილები სანატორიუმ ქართლის მაცხოვრებელმა პროტესტის ნიშნად დახიეს. მათი თქმით, სახელმწიფოს შეთავაზება  -  დევნილებს ერთი თვის ვადაში გადაიყვანენ ალტერნატიულ საცხოვრებელში და ქირით უზრუნველყოფენ, შემდეგ კი მოხდება მათი გადაყვანა იქ, სადაც ცხოვრებას სთავაზობენ, კვლავ ბუნდოვანია.

არასამთავროები ხელისუფლებას  მოუწოდებენ სწრაფი რეაგირებისკენ, დევნილების უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში განსახლების უზრუნველსაყოფად.

კომენტარები