დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ლიზ თრასი: პუტინმა უკრაინიდან უკან უნდა დაიხიოს, სანამ დიდ სტრატეგიულ შეცდომას დაუშვებს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა მოუწოდა პუტინს, უკრაინიდან  უკან დაიხიოს სანამ დიდ სტრატეგიულ შეცდომას დაუშვებს. მისი განმარტებით, კრემლმა ისტორიიდან გაკვეთილი ვერ ისწავლა - "შეჭრა დიდ მსხვერპლსა და საშინელ ჭაობს" გამოიწვევს.

"რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა ისეთ დიდი მსხვეპლსა და საშინელ ჭაობს მოგვიტანს, როგორიც საბჭოთა კავშირისა და ავღანეთის ომისას და ჩეჩნეთის კონფლიქტისას ვნახეთ", - თქვა ლიზ ტრასმა. 

ლიზ თრასის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ბრიტანეთი მზადაა დააწესოს მკაცრი სანქციები.

მინისტრმა უკრაინის კონფლიქტი ფართო კონტექსტით - ლიბერალურ და ავტოკრატიულ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებად განიხილა. თრასის თქმით, ავტოკრატები გათამამდნენ და ცდილობენ დიქტატურის  "ექსპორტს" მთელს მსოფლიოში. მისი თქმით, რეჟიმები, როგორიცაა ბელორუსია, ჩრდილოეთ კორეა და მიანმარი, ყველაზე ახლო მოკავშირეებს პოულობენ მოსკოვსა და პეკინში.

"ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას და მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისა და მნიშვნელოვანი დისკუსიებში ჩართვისკენ. ის, რაც ხდება აღმოსავლეთ ევროპაში, მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის“, - თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის მოკლე მანძილის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდება დაიწყო. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლასმა 18 იანვარს ისაუბრა. მინისტრის თქმით, უკრაინაში წვრთნებისთვის ასევე ჩავა ბრიტანელი სამხედროების მცირე ჯგუფი.

სამხედრო ძალების წვრთნებისთვის ბრიტანელი სამხედროები უკრაინაში 2015 წლიდან არიან. დიდმა ბრიტანეთმა ასევე დადო პირობა, რომ დაეხმარებოდა უკრაინას ფლოტის აღდგენაში. თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთის "ზრდადი სახიფათო ქცევის" გამო დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით დახმარებას გაუწევს უსაფრთხოების საკითხებში.

ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების პირველი ნაკადი უკრაინაში 17 იანვარს გაიგზავნა.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს

კომენტარები