დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ფსაკი: ბაიდენმა ნათლად უთხრა პუტინს, უკრაინაში შეჭრაზე პასუხი იქნება სწრაფი და მკაცრი

ჯენ ფსაკი

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის წლის შემაჯამელი პრესკონფერენციის შემდეგ თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებით დამატებითი განცხადება გააკეთა.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად უთხრა რუსეთის პრეზიდენტს: თუ რუსეთის სამხედრო ძალები გადაკვეთენ უკრაინის საზღვარს, ეს განახლებული შეჭრაა და აშშ-სა და ჩვენი მოკავშირეების პასუხი იქნება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი. პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე გამოცდილებით იცის, რომ სამხედრო მოქმედების გარდა რუსეთს აქვს აგრესიული მოქმედებების ფართო კრებული, ეს მოიცავს კიბერშეტევებს და ნახევრადსამხედრო ტაქტიკებს. მან დღეს დაადასტურა, რომ რუსეთის აგრესიის ამ ქმედებებზე იქნება გადამწყვეტი, შესაბამისი და ერთიანი." – თქვა ფსაკიმ.

19 იანვარს შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა ერთმანეთისგან გამიჯნა უკრაინაში რუსეთის "მცირე შეჭრა" და "შეჭრა". ბაიდენის ვარაუდით, პუტინი უკრაინაში შეიჭრება, თუმცა, მისი თქმით, "მცირე შეჭრაზე" პასუხი სრულმაშტაბიან შეჭრასთან შედარებით უფრო მსუბუქი იქნება.

"მცირე შეჭრა" ერთია, თუმცა თუ ისინი გააკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ, ეს რუსეთისთვის კატასტროფა იქნება". – თქვა ბაიდენმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომუკრაინაში შეჭრა პუტინს ძვირად დაუჯდება და მას ისეთ სანქციებს დაუწესებს, როგორიც აქამდე არასდროს უნახავს. ბადენის თანახმად, ახლო მომავალში უკრაინის NATO-ში მიღების ალბათობა ძალიან მცირეა და მათ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ როგორც დემოკრატიის გაძლიერების კუთხით, ასევე სხვა ბევრი მიმართულებითაც.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები