დევნილები

ხოშტარია სამინისტროს: გავმართოთ შეხვედრა, მოვაგვაროთ სანატორიუმ ქართლის დევნილების საკითხი

პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართავს და სანატორიუმ ქართლის ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილებთან დაკავშირებით შეხვედრას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპროტესტო აქციებს გეგმავს.

"მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს! (ცხადია, დევნილებთან შეთანხმებით) გავმართოთ საქმიანი შეხვედრა და მოვაგვაროთ ქართლის დევნილების საკითხი. ნებისმიერ დროს, მე, გიგა ლემონჯავა (დროას წევრი და  იურისტი) და დევნილების წარმომადგენელი მოვალთ და მოვაგვაროთ. თუ პოლიტიკოსის დანახვა თქვენთვის მიუღებელია, იურისტი და დევნილები მოვლენ. ოღონდ სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს.

თუ ასე არ მოგვარდა, ცხადია იქნება აქცია და არ გავჩერდებით. მხოლოდ ქართლის აქცია არ იქნება. უკვე უამრავი დევნილი და არადევნილი რეკავს სოლიდარობის ნიშნად. ამ საკითხში არ არის თვითმიზანი აქცია, ამიტომ გთავაზობთ ცივილიზებულ გამოსავალს. შეხვედრა, რაც შეიძლება სწრაფად!" – წერს ხოშტარია.

16 იანვარს სანატორიუმ ქართლის ყოფილ შენობაში მცხოვრებმა დევნილმა კაცმა თავი მოიკლა. თვითმხილველების თქმით, ის შენობის სახურავიდან პროტესტის ნიშნად გადმოხტა და გარდაიცვალა.

დევნილის თვითმკვლელობის შემდეგ განცხადება გაავრცელა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, რომელშიც აღნიშნულია, რომ სანატორიუმ ქართლის ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ.

სანატორიუმ ქართლის ყოფილ შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი საცხოვრებლად ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ. მათი თქმით, შენობა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ავარიულია და საფრთხე მუდმივად იმატებს.

კომენტარები