NATO-რუსეთი

ლუკაშევიჩი: თუ შეთავაზებას დროზე არ უპასუხებენ, სტრატეგიული ბალანსისთვის ზომებს მივიღებთ

რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ეუთო-ში, ალექსანდრ ლუკაშევიჩი

ავსტრიაში, ვენაში გამართული ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) სხდომაზე ეუთო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი, ალექსანდრ ლუკაშევიჩი სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ აშშ-სგან და NATO-სგან დროულად ელიან პასუხს საკუთარ მოთხოვნებზე, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. მისი თქმით, თუ ასე არ მოხდება, რუსეთი სტრატეგიული ბალანსის დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.

ლუკაშევიჩის თქმით, მოლაპარაკებების განზრახ ჩაშლა ყველა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სიტუაციის გაუარესებას გამოიწვევს.

"გვსურს ღიად და გულწრფელად გაგაფრთხილოთ: რუსეთის, აშშ-სა და NATO-ს დიალოგის ფარგლებში, უსაფრთხოების გარანტიების შინაარსიანი მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლის ნებისმიერი მცდელობა, ან მისი გაფარჩაკება პოზიციების "წრიულ", უაზრო გაცვლამდე, გამოიწვევს, გამონაკლისის გარეშე, ყველა სახელმწიფოს უსაფრთხოების სიტუაციის აურიდებელ გაუარესებას", – თქვა ლუკაშევიჩმა.

ეუთო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი დასავლეთს მოთხოვნებზე პასუხის გაცემას გონივრულ ვადაში სთხოვს და წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო ქმედებებით იმუქრება.

"თუ გონიერ ვადაში არ მოვისმენთ კონსტრუქციულ პასუხს ჩვენს შეთავაზებებზე, ხოლო რუსეთის მიმართ აგრესიული ქმედების ხაზი გაგრძელდება, იძულებული ვიქნებით გამოვიტანოთ საპასუხო დასკვნები, მივიღოთ ყველა საჭირო ზომა სტრატეგიული ბალანსის უზრუნველსაყოფად და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის მიუღებელი საფრთხეები აღმოვფხვრათ", – თქვა რუსეთის წარმომადგენელმა ეუთო-ში.

ეუთო-ს ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ, ომის საშიშროებაზე საუბრობდა ამ ორგანიზაციაში ამერიკის მუდმივი წარმომადგენელი, მაიკლ კარპენტერი.

"საომარი მარში ხმამაღლა ისმის და რიტორიკა საკმაოდ მძაფრი გახდა", – თქვა კარპენტერმა ჟურნალისტებთან. 

ამ პრობლემას შეეხო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც, ზბიგნევ რაუ. 

"ომის საფრთხე ეუთო-ს არეაში იმაზე დიდია, ვიდრე აქ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყოფილა", – თქვა რაუმ.

12 იანვარს ბრიუსელში NATO-რუსეთის საბჭოს სამიტი გაიმართა. შეხვედრის შემდეგ გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO მზადაა რუსეთთან დეტალური დისკუსიისთვის, რათა შემუშავდეს კონკრეტული წინადადებები და მიღწეული იყოს კონსტრუქციული შედეგები. სტოლტენბერგმა ჩამოთვალა რა შეთავაზებები აქვს ალიანსს რუსეთთან და რა საკითხებითაა დაინტერესებული. ეს საკითხები მოიცავს მეტ გამჭვირვალობას სამხედრო წვრთნებზე, შეიარაღების კონტროლის, განიარაღების, ბირთვული პოლიტიკის გადახედვას და რაკეტების განთავსებაზე ორმხრივი შეზღუდვების შემოღების შესაძლებლობას.

შეხვედრაზე რუსეთმა კვლავ წამოაყენა დეკემბერში გამოქვეყნებული მოთხოვნები, მათ შორის გარანტიების მიღების სურვილი, რომ NATO აღმოსავლეთით არ გაფართოვდება და ალიანსის წევრ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სამხედრო კონტინგენტი შემცირდება.

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები