NATO-რუსეთი

შერმანი: უკრაინა, როგორც საქართველო, NATO-ში გაწევრიანების პროცესს გადის, ამას დრო სჭირდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა ბრიუსელში გამართული NATO-რუსეთის საბჭოს სამიტის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ალიანსის კარი ყველასთვის ღიაა და უკრაინა, ისევე როგორც საქართველო NATO-ში გაწევრიანების პროცესს გადის, რომელსაც დრო სჭირდება.

"NATO-ში გაწევრიანების პროცესზე სხვა ქვეყნების ნაცვლად არ ვისაუბრებ, მაგრამ არსებობს ალიანსში გაწევრიანების კონკრეტული პროცესები და სპეციფიკური პუნქტები. NATO-ს კარი ყველასთვის ღიაა და უკრაინა ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელსაც ალიანსში გაწევრიანება ძალიან სურს. უკრაინა ახლა ამ პროცესს გადის, ამას დრო სჭირდება. NATO-ს მაღალი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, მას ბევრი სამუშაო აქვს შესასრულებელი. იგივეს თქმა შეიძლება საქართველოზეც, რომელზეც ასევე ხშირად ვსაუბრობთ". - თქვა შერმანმა.


აღსანიშნიავია, რომ 10 იანვარს ჟენევაში ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი. მოლაპარაკებები ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულდა. ამ შეხვედრაზეც რუსეთმა გაიმეორა 17 დეკემბერს წაყენებული მოთხოვნები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომელიც NATO-ს აღმოსავლეთ გაფართოების შეჩერებასაც მოიცავს, რაც აშშ-სთვის მიუღებელია. აშშ არ აპირებს შეწყვიტოს NATO-ს ღია კარის პოლიტიკა.

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები