დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ზელენსკი: დროა, შევთანხმდეთ კონფლიქტის მოგვარებაზე

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნორმანდიის ფორმატის გაძლიერებისთვის შეხვდა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში გერმანიის კანცლერის მრჩეველს იენს პლოტნერს და დიპლომატიურ საკითხებში საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველს ემანუელ ბონს.

შეხვედრის დროს ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დროა, უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას.

"დროა, არსებითად შევთანხმდეთ კონფლიქტის მოგვარებაზე, ჩვენ მზად ვართ ოთხი ქვეყნის ლიდერების ახალი სამიტის ფარგლებში საჭირო გადაწყვეტილებებისთვის" - თქვა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზები და უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების თავმოყრით შექმნილი მდგომარეობა.

მხარეები ნორმანდიის ფორმატში უკრაინის, რუსეთის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერების სამიტისთვის მომზადების პროცესში ახლო კომუნიკაციაზე შეთანხმდნენ.

გუშინ, 10 იანვარს ჟენევაში უკრაინა-რუსეთის დაძაბულობის ფონზე ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი. მოლაპარაკებები ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრაზე რუსეთმა კვლავ გაიმეორა 17 დეკემბერს წაყენებული მოთხოვნები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომელიც NATO-ს აღმოსავლეთ გაფართოების შეჩერებასაც მოიცავს, რაც აშშ-სთვის მიუღებელია. აშშ არ აპირებს შეწყვიტოს NATO-ს ღია კარის პოლიტიკა. 

"ჩვენ არავის მივცემთ უფლებას NATO-ს ღია კარის პოლიტიკა მიაჯახუნოს, რაც NATO-სთვის მუდამ მნიშვნელოვანი იყო", – თქვა შერმანმა. 

"ჩვენ არ ვიტყვით უარს აშშ-სთან მუშაობის სურვილის მქონე სუვერენულ სახელმწიფოებთან ორმხრივ თანამშრომლობაზე და ჩვენ არ მივიღებთ უკრაინასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს უკრაინის გარეშე, გადაწყვეტილებებს ევროპაზე – ევროპის გარეშე,  გადაწყვეტილებებს NATO-ზე NATO-ს გარეშე", – დაამატა შერმანმა.

რუსულმა მხარემ გამოთქვა უკმაყოფილება, რომ აშშ-ს არ სურს ვითარების გადაუდებელი მდგომარეობის დანახვა. რიაბკოვის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების ბოლო ვადა არ არსებობს, რუსეთი არაა მზად კვირები ან თვეები იცადოს. რუსული მხარის თქმით, მათ სურთ NATO-ს მხრიდან ნაბიჯების დანახვა და თუ ისინი ამას ვერ შეძლებენ, ეს მათსავე უსაფრთხოებას დააზიანებს. რიაბკოვის გაფრთხილებით, თუ მოლაპარაკებები სრულად ჩავარდება, რუსეთს სამხედრო-ტექნიკური პასუხი ექნება მზად, რაშიც სავარაუდოდ ევროპის საზღვრებთან ახლოს საშუალო მანძილის ბირთვულირაკეტების (INF) განლაგება იგულისხმება. 

აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის 1987 წელს გაფორმდა შეთანხმება INF-ების განლაგებასთან დაკავშირებით. შეთანხმების სამართალმემკვიდრე გახდა რუსეთის ფედერაცია. აშშ-მ ეს ხელშეკრულება 2019 წელს დატოვა, მას შემდეგ, რაც მათი ინფორმაციით, რუსეთი მის პუნქტებს არღვევდა, რასაც მოსკოვში უარყოფდნენ. 

შერმანმა ხაზი გაუსვა, რომ არც ერთ ქვეყანას არ აქვს სხვა სახელმწიფოს საზღვრების ძალით შეცვლის უფლება და რუსეთს საზღვრებიდან ჯარის უკან გაყვანისკენ მოუწოდა. მან ასევე ახსენა, რომ მოლაპარაკებების დროს, ამერიკული მხარე მზად იყო სამხედრო წვრთნების ზომის შემცირების საკითხის რუსეთთან განხილვაზე.

შერმანმა შეხვედრაზე გამართულ დებატებს გულწრფელი და პირდაპირი უწოდა. რიაბკოვმა კი თქვა, რომ პროცესი რთული, მაგრამ პროფესიონალური იყო და აშშ მათ წინადადებებს სერიოზულად მიუდგა. რიაბკოვის თქმით, რუსეთი მოლაპარაკებების პროგრესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას NATO-ს წევრებთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს. ეს შეხვედრაც ამ კვირაში, ბრიუსელში გაიმართება. 


11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

"უკრაინა, საფრანგეთი და გერმანია დიდ ძალისხმევას დებენ, რათა ნორმანდიის ფორმატის ფარგლებში სხვადასხვა დონეზე ეფექტიანი საქმიანობა განახლდეს. ველით რუსული მხარისგან, რომ მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას, ასევე თავისი წვლილი შეიტანოს ნორმანდიის ოთხეულის მიერ პარიზის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების გატარებაში" - თქვა ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი იერმაკმა.

კომენტარები