NATO-რუსეთი

სტოლტენბერგი: NATO-რუსეთის შეხვედრამდე კონსულტაციებს ვმართავთ პარტნიორებთან, საქართველოსთანაც

ოლგა სტეფანიშინა და იენს სტოლტენბერგი
NATO

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი NATO-რუსეთის საბჭოს სხდომამდე უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრის მოადგილეს ოლგა სტეფანიშინას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO-სა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრამდე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს როგორც უკრაინასთან, ასევე ალიანსის სხვა პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან.

"მივესალმები, რომ რუსეთი დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას მიმდინარე კვირას NATO-რუსეთის საბჭოს შეხვედრის გამართვის შესახებ. ეს არის პოზიტიური გზავნილი. ჩვენ ყურადღებას გავამახვლებთ ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო აქტივობებთან დაკავშირებულ გამჭვირვალობაზე, საფრთხეების შემცირებასა და შეიარაღების კონტროლზე. ჩვენ მოვისმენთ რუსეთის შფოთვის მიზეზებს, თუმცა ნებისმიერი შინაარსიანმა დიალოგმა უნდა გათვალისწინოს რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით ჩვენი შეშფოთებაც. ეს უნდა მოხდეს უკრაინასთან კონსულტაციით, როგორც ამას დღეს ვაკეთებთ. ჩვენ ასევე მჭიდრო კონსულტაციებს ვმართავთ სხვა პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, მოლდოვასთან, ფინეთთან, შვედეთთან და ევროკავშირთან." – თქვა სტოლტენბერგმა.

ოლგა სტეფანიშინას შეფასებით NATO-რუსეთის საბჭოს შეხვედრამდე უკრაინულ მხარესთან საგანგებო შეხვედრის ორგანიზება ალიანსის მხარდაჭერას გამოხატავს. სტეფანიშინამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია უკრაინასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არ იყოს მიღებული უკრაინის გარეშე.

იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO მხარს უჭერს უკრაინის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი და ასევე უფლებას, თავად აირჩიოს მომავალი – რომელი ალიანსის წევრობა სურს. 

უკრაინის NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული რჩება.

"ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ და ჩვენ ამ გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, დაუახლოვდეს NATO-ს წევრობას რეფორმების განხორციელებით, NATO-ს სტანდარტების დაკმაყოფილებით. ჩვენ ძალიან ცხადად ვთქვით, რომ არასდროს წავალთ კომპრომისზე ევროპაში არც ერთი სახელმწიფოს უფლებასთან დაკავშირებით, თავად აირჩიოს თავისი გზა, მათ შორის, უსაფრთხოების რომელი სისტემის ნაწილი სურს, რომ იყოს. შესაბამისად, ფუნდამენტურია, ეს პრინციპი არ დაირღვეს. რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ უკრაინისა და NATO-ს 30 მოკავშირის გადასაწყვეტია, როდის იქნება უკრაინა მზად წევრობისთვის. სხვა არავის აქვს უფლება, თქვას რამე ამასთან დაკავშირებით". – თქვა NATO-ს ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

უკრაინაში დაძაბული მდგომარეობის ფონზე აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჟენევაში. NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა 12 იანვარს გაიმართება. 


11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. ვრცლად ბელარუსის როლზე რუსეთის ჰიბრიდულ ომში წაიკითხეთ აქ – ბელარუსი რუსეთის ჰიბრიდულ ომში – ვასალიტეტი XXI საუკუნეში.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები