ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

EXPRESS: რუსეთის ძებნილი "გმირი გენერლის" დაკავების გამო გერმანია კრიტიკის ქვეშაა

ბრიტანულმა გამოცემა Express-მა გერმანიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, გიგი კალანდაძის დაკავების შესახებ სტატია რუსეთის ძებნილი "გმირი გენერლის" დაკავების გამო გერმანია კრიტიკის ქვეშაა გამოაქვეყნა.

როგორც გამოცემა წერს, გენერალს, რომელიც 2008 წელს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს თავდაცვის ძალებს ხელმძღვანელობდა, 2014-ში კი უკრაინის სამხედრო ნაწილებს ეხმარებოდა, შესაძლოა საფრთხე ემუქრებოდეს, თუ გერმანული სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების გამო მის ექსტრადირებას დათანხმდება.

"ბერლინში შვილის მოსანახულებლად ჩასული გენერლის მოულოდნელი დაკავება დაკავშირებულია თბილისის მიერ ინტერპოლით ცირკულარის გამოცხადებასთან, რომელიც მოჰყვა ორი დღით ადრე კალანდაძის მიერ სატელევიზიო ინტერვიუში საქართველოში რუსეთის გავლენის ღია კრიტიკას."

"ჩემთვის ნათელია, რომ რუსეთის ძებნილთა სიაში მოვხვდი - მაგრამ მათი მცდელობები წარუმატებელი იქნება" – თქვა კალანდაძემ გამოცემასთან საუბრისას.

Express-ი წერს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვლადიმირ პუტინმა საქართველოში ზრდადი პოლიტიკური გავლენა გამოიყენა კალანდაძის დასაბრუნებლად.

"წინა მცდელობებს, რომელთა შორის არის განცხადება, რომ მან საქართველოს სპეციალური დანიშნულების რაზმის სამხედროები "აწამა" - ღამით წვიმაში სირბილი აიძულა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ყურადღება არ მიაქციეს, მას შემდეგ რაც ნათელი გახდა, რომ მოწმეებმა ჩვენება ზეწოლით მისცეს."

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამჯერად გერმანიამ ყურადღება მიაქცია ბრალდებებს, რომ გენერალმა კალანდაძემ 2009-2011 წლებში ტერორისტული კამპანიის დროს ბომბის განთავსებაში ბრალდებული აწამა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდებები წარსულში გაბათილდა. გამოცემა წერს, რომ CIA-ს რუსეთის სადაზვერვო სამსახურს, GRU-ს ადანაშაულებდა ამ ტერორისტული კამპანიის, რომლის სამიზნე თბილისში აშშ-ს საელჩოც იყო, მოწყობის მცდელობაში.

Express-ი აღნიშნავს, რომ გიგი კალანდაძე პირველი ქართველი არ არის, რომელიც საზღვარგარეთ დევნის მსხვერპლი აღმოჩნდა და 2019 წელს ბერლინში რუსეთის FSB-ს აგენტის მიერ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას იხსენებს.

"უკრაინის მოქალაქეობის მიღების შემდეგ ევროპაში ბევრს ვმოგზაურობ, მათ შორის ბევრჯერ ვყოფილვარ გერმანიაში, სადაც ჩემი შვილი ცხოვრობს და აქამდე აქ არასოდეს გავუჩერებივარ. ახლა მოულოდნელად ბერლინის აეროპორტში, ჩემი ინტერვიუდან ორ დღეში, პოლიციამ დამაკავა. შეგიძლიათ კავშირის დანახვა. ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა. ინტერპოლის წითელ სიაშიც კი არ ვარ. ეს არის უფრო დაბალი დონის მოთხოვნა საქართველოდან, რომელზეც გავლენა ჰქონდა რუსეთს და რომლის შესრულებაც რატომღაც გადაწყვიტა გერმანიამ. ჩემთვის ნათელია, რომ რუსეთის ძებნილთა სიაში ვარ." – ამბობს კალანდაძე ბრიტანულ გამოცემასთან საუბრისას.

Express-ი წერს, რომ ბერლინში დიპლომატიური კონტაქტების მქონე წყაროს თანახმად, ექსტრადიციის მოთხოვნა საქართველოში გერმანიის საელჩოს კომუნიკაციით იყო განმტკიცებული. ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, რომ დეკემბერში გამოცემა Bild-მა საქართველოში გერმანიის ელჩზე ჰუბერტ ქნირშზე კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა და ის საქართველოს მთავრობასთან ახლო კავშირში დაადანაშაულა.

გამოცემა წერს, რომ გერმანიის ახალ კოალიციურ მთავრობას რუსეთის მიმართ პრობლემური საგარეო პოლიტიკა აქვს. მწვანეთა პარტიის წევრ საგარეო საქმეთა მინისტრს ანალენა ბერბოკს რუსეთთან მიმართებით უფრო ხისტი პოზიცია უჭირავს, ხოლო ახალ კანცლერს ოლაფ შოლცის მიდგომა კი უფრო რბილია.

შოლცმა უკრაინასთან დაკავშირებული მოვლენების საფრანგეთის და რუსეთის წარმომადგენელებთან შეხვედრაზე საგარეო პოლიტიკის საკითხებში თავისი მრჩეველი მიავლინა და არა საგარეო საქმეთა მინისტრი. Express-ი აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებამ კითხვები გააჩინა, თუმცა პროცესიდან ბერბოკის ჩამოშორების შესახებ ინფორმაცია უარყოფილი იყო.

Express-ი წერს, რომ კალანდაძის უკრაინაში წასვლა 2012 წლის არჩევნებში "მოსკოვისკენ გადახრილი" ქართული ოცნების გამარჯვების შედეგი იყო, თუმცა "NATO-ს ყოფილი მეთაურები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საქართველოში მას მხარს უჭერენ".

"კალანდაძე საბრძოლო მოქმედებებში უკრაინაში ვნახე. ის სანგრებში მოხალისეებს ხელმძვანელობდა. მამაცი და ჭკვიანი კაცია, რომელმაც კარგის და ცუდის გარჩევა იცის და უკრაინაში კარგი საქმის საკეთებლად იყო ჩასული. მაგრამ ის მიხეილ სააკაშვილის კაცია. სააკაშვილი კი პუტინს სძულს. ეს პირადულია. პუტინს შურისმაძიებლური, KGB-ს მენტალიტეტი ამბობს, რომ ყველასთვის, ვინც ხელში იარაღს იღებს და მის წინააღმდეგ ხმას იმაღლებს, იქნება ეს სალისბურიში თუ ბერლინის ქუჩებში, ეს უკვალოდ არ ჩაივილის. და როგორც ეს 1939 წელს წელს მოხდა ჩეხოსლოვაკიაშია, ყველანი ვემორჩილებით". – ამბობს გამოცემასთან საუბრისას აშშ-ს ფლოტის კაპიტანი გარი ტაბაჩი

გამოცემა Express ესაუბრა ქართველი ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ევროპული საქართველოს წევრს გიორგი კანდელაკს.

"2013 წლის შემდეგ რუსეთი საქართველოს სამხედრო და სადაზვერვო სამსახურების ოფიცრებზე ინტერპოლის წითელი ცილკურალით ძებნას აცხადებს. საქართველოს მთავრობას წინააღმდეგობა არც ერთხელ გაუწევია. ეს ასახავს საქართველოს დრამატულ გადახვევას რუსეთის ორბიტისკენ. საქართველო ბელარუსი არ არის, მაგრამ გარკვეული დონით ის გახდა რუსეთის სატელიტი. ფაქტობრივად ეს ძალაუფლების მიტაცების შემთხვევაა.

გენერალი კალანდაძისნაირი ქართველი ოფიცრები უკრაინაში იმიტომ წავიდნენ, რომ მათ ესმოდათ, ეს ომი უბრალოდ გაგრძელება იყო 2008 წლის. მიზანი იგივე იყო: ცივი ომის შედეგების უკან დაბრუნება, რასაც სუვერენიტეტის განადგურება სჭირდება.

გენერალი კალანდაძით რუსეთის ფედერაციის დაინტერესება გასაკვირივი არავისთვისაა. საქართველოში სასამართლოს სისტემის პოლიტიზების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ დაბრუნებას აიძულებენ, შეიძლება საფრთხეში აღმოჩნდეს." – ამბობს გამოცემასთან საუბრისას გიორგი კანდელაკი.

Express-ი წერს, რომ გიგი კანედალკი იმედიანადაა განწყობილი.

"ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ გამათავისუფლებენ და უკრაინაში დაბრუნდები, სადაც რუსეთთან მებრძოლი ძალების ხელმძღვანელობას დავუბრუნდები." – ამბობს კალანდაძე.


საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, გიგი კალანდაძის დაკავებაზე ინფორმაცია 19 დეკემბერს გავრცელდა. საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კალანდაძის დაკავებას FACEBOOK-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "საქართველოს ხელისუფლება მორიგ ჯერზე იჭრის თავს".

კალანდაძე გირაოთი გაათავსუფლეს და ახლა ის სასამართლო პროცესს ელოდება.

კალანდაძეს 2015 წელს ბრალი ელბერტ კობერიძის წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე წარუდგინეს. საქმეზე კალანდაძესთან ერთად ბრალდებულები არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა,  შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია.

2015 წლის შემდეგ კალანდაძე უკრაინაში ცხოვრობდა.

კომენტარები