ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

სააკაშვილი: ხელისუფლების მოთხოვნით, ბერლინში კალანდაძე დააკავეს – მორიგ ჯერზე იჭრიან თავს

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, გერმანიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, გიგი კალანდაძე დააკავეს.

"საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, ბერლინში დააკავეს საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე. ის არის 2008 წლის ომის გმირი. მაშინ მე-4 ბრიგადის ჯგუფმა, რომელსაც ის მეთაურობდა, შეაჩერა რუსეთის ტანკების მოწინავე დამრტყმელი ძალა და ამ ბრძოლის დროს მძიმედ დაიჭრა რუსეთის 58-ე არმიის მეთაური გენერალი ხრულოვი.

უკრაინაში ომის დაწყებისთანავე გიგი აქტიურად ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში. მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს გაღებული მტრის შეტევის შეჩერებაში აღმოსავლეთის ფრონტზე. სწორედ ამის მერე საქმეც აღიძრა. რამდენადაც ვიცი, გენერალი კალანდაძე უკრაინის მოქალაქეა და ასევე, მას უკავია თანამდებობა უკრაინის ეროვნულ გვარდიაში. სირცხვილია, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორედ რუსეთის მთავარ მტრებს უქმნის პრობლემებს მსოფლიოს მასშტაბით. დარწმუნებული ვარ, გერმანიის პროკურატურა და სასამართლო სწრაფად გაერკვევიან დაკავების მოთხოვნის დაუსაბუთებლობაში და გიგი ძალიან სწრაფად გათავისუფლდება და მას ბოდიშსაც მოუხდიან. გერმანიის სასამართლო მურუსიძის კანტორა არავის ეგონოს. უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლება მორიგ ჯერზე იჭრის თავს!" – წერს სააკაშვილი.

ტაბულა გიგი კალანდაძის დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებას შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში ცდილობს, თუმცა, უწყებების ცნობით, მათ ამჟამად ინფორმაცია არ აქვთ.

კალანდაძეს 2015 წელს ბრალი ელბერტ კობერიძის წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე წარუდგინეს. საქმეზე კალანდაძესთან ერთად ბრალდებულები არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა,  შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია.

2015 წლის შემდეგ კალანდაძე უკრაინაში ცხოვრობდა.

კომენტარები