ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

გიგი კალანდაძე თავისუფალია – ქართული მხარე მის ექსტრადიციას ითხოვდა

გერმანიაში დაკავებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, გიგი კალანდაძე თავისუფალია. ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ეკა ხერხეულიძე FACEBOOK-ზე ავრცელებს. 

"საქართველოს მთავრობა, გენერალი გიგი კალანდაძე თავისუფალია, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას".- წერს ხერხეულიძე. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა მის ექსტრადაციას ითხოვდა.  

"გამოფრენისას რამდენიმე წუთით მთხოვეს შეყოვნება, შემდეგ გადამიყვანეს პოლიციაში, სადაც დააზუსტეს ჩემი პიროვნება და მითხრეს, რომ მე დაკავებული ვარ, იმიტომ, რომ ვიმყოფები ძებნაზე. მე გავეცი პასუხი, რომ ზუსტად 1 თვის უკან გადმოვლახე საზღვარი და არ იყო არანაირი პრობლემა. 

ეს არის ახალი ტალღა ჩემი დისკრიმინაციის და ეს დისკრიმინაცია, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას უბრუნდება პირიქით. ეს საქმე მე აღმიძრეს უკრაინაში ყოფნის დროს 2015 წლის მიწურულს, როცა თვითონ ამ საქმის გამოძიება დაიწყეს 2013 წელს, 3 წლის მერე მე წამიყენეს ბრალი. რა თქმა უნდა, ეს საქმე არის მოგონილი და შეთითხნილი, არაფერზე დამყარებული. ეს არის ფიქტიურად, ძალად შეთითხნილი საქმე და მე ჩამატებული ვარ, როგორც ერთ-ერთი ბრალდებული. იმდენი დარღვევაა, რომ მთელი დღე არ მეყოფა სასაუბროდ. ამ საქმეზე, დარწმუნებილი ვარ, რომ გერმანიაში ჩემი ექსტრადაცია არ დადგება. თვითონაც საექსტრადაციო პერიოდი მე შემიცვალეს გირაოთი და რამდენიმე კვირაში მექნება აქ სასამართლო, სასამართლო მიიღებს იმ გადაყწვეტილებას, რასაც ჩვენ ველით". - ამბობს კალანდაძე მთავართან ინტერვიუში. 

გიგი კალანდაძის დაკავებაზე ინფორმაცია 19 დეკემბერს გავრცელდა. საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კალანდაძის დაკავებას FACEBOOK-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "საქართველოს ხელისუფლება მორიგ ჯერზე იჭრის თავს".

კალანდაძეს 2015 წელს ბრალი ელბერტ კობერიძის წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე წარუდგინეს. საქმეზე კალანდაძესთან ერთად ბრალდებულები არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა,  შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია.

2015 წლის შემდეგ კალანდაძე უკრაინაში ცხოვრობდა.

კომენტარები