გერმანული გამოცემა Bild-ი საქართველოში გერმანიის ელჩთან, ჰუბერტ კნირშთან დაკავშირებით ვრცელ, კრიტიკულ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში ქართული ოცნების მიმართ ელჩის კეთილგანწყობასა და ბიძინა ივანიშვილთან მისი ცოლის კავშირებზეა საუბარი.
სტატიის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ.
"იმ დროს, როცა საქართველოში გერმანიის ელჩი ადგილობრივი ხელისუფლებისადმი თვალშისაცემად კეთილგანწყობილად მიიჩნევა, მისი ცოლი ორმაგ სარგებელს იღებს: სამთავრობო კონტრაქტსა და ოლიგარქის უნივერსიტეტში დასაქმებას.
► ანტიკორუფციული ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა ამას "შესაძლო კორუფციული შემთხვევის ნიშნად" მიიჩნევს.
გერმანელი დიპლომატი, ჰუბერტ კნირში კავკასიის პატარა ქვეყნის, საქართველოს ელჩად 2018 წლის სექტემბერში დაინიშნა, მანამდე კი ის 4 წელი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მოსკოვში მუშაობდა.
ამის შემდეგ კნირში არაერთხელ დაადანაშაულეს ცალმხრივი განცხადებების გავრცელებასა და მმართველი პარტიის, ქართული ოცნებისა და ოლიგარქი ივანიშვილის პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოქცევაში.
Bild-ი თვალს გადაავლებს ყველაზე გამორჩეულს შემთხვევებს
კნირში ხელისუფლებას არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკისგან იცავს
2020 წლის ივნისში საქართველოს ხელისუფლებამ გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრობის კანდიდატად ჰომოფობად და ქსენოფობად მიჩნეული პოლიტიკოსი [სოფო კილაძე] წარადგინა. ათობით არასამთავრობო ორგანიზაციამ ეს გააპროტესტა. თუმცა კნირშმა არა [კილაძის] სადავო ნომინაცია, არამედ ჰომოფობის მგმობი სამოქალაქო საზოგადოება გააკრიტიკა.
კნირშმა არასამთავრობო ორგანიზაციები "პირადი ხასიათის თავდასხმებსა" და "ამ დონეზე დაშვებაში" დაადანაშაულა და მათი ქმედება, ოპოზიციასა და მმართველი პარტიას შორის არაჯანსაღ დაპირისპირებას შეადარა.
პასუხად, 44-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გერმანიის ელჩის მიმართ კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ კნირში ძირს უთხრის "სამოქალაქო საზოგადოების მცდელობას, გამოავლინოს სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპების დარღვევები".
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერი ორგანიზაციის, Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი BILD-თან ამ საკითხზე საუბრისას აღნიშნავს: "ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვაში უპირველესი გერმანიის ელჩი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ამ საკითხებთან დაკავშირებით, უკანასკნელ წლებში ბატონმა კნირშმა არაერთი საეჭვო პოზიცია გამოხატა. მისი ღია მხარდაჭერა მმართველი პარტიის ყოფილი წევრის, სოფო კილაძისადმი, რომელიც ცნობილია მისი ადამიანთა უფლებების დამრღვევი პოლიტიკით, განსაკუთრებით საწყენი იყო".
კნირში პატიმრების გამოშვებაზე შეთანხმებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების ხაზს იმეორებს
ასევე 2020 წელს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მოლაპარაკებების შედეგად საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმებას მიაღწიეს. რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ცნობით, მოლაპარაკებების დროს კნირშმა მათ სიტყვიერი გარანტია მისცა, რომ შეთანხმების ფარგლებში "პოლიტიკური პატიმარი" გიორგი რურუა გათავისუფლდებოდა.
ოპოზიცია გერმანელის სიტყვას დაეყრდნო, მაგრამ სამი თვის შემდეგ გერმანელმა ელჩმა ერთ-ერთ ქართულ არხს განუცხადა: "ბატონი რურუა 8 მარტის შეთახნმებაში ნახსენები არ იყო, ეს ცხადია და ამის წაკითხვა ყველას შეუძლია".
ქართველმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ, რომელიც მოლაპარაკებებს პირადად ესწრებოდა, Bild-ს განუცხადა, რომ ბატონი რურუას საკითხი შეთანხმების ნაწილი იყო, თუმცა, მთავრობას მისი სახელის [შეთანხმებაში] პირდაპირ ჩაწერა არ სურდა. სწორედ ამის გამო ოპოზიციამ მოლაპარაკებებში კიდევ რამდენიმე ელჩის ჩართვა მოითხოვა, როგორც შეთანხმების გარანტორების.
"სამწუხაროდ, ელჩმა სიმართლე უბრალოდ ტყუილად შემოგვასაღა, როდესაც მან ამ საკითხზე ქართული ოცნების ვერსიას ღიად დაუჭირა მხარი" - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა BILD-თან საუბრისას.
კნირში გერმანიის გენერალურ პროკურატურას ეწინააღმდეგება
2020 წლის ივნისში კნირში გერმანიის ხელისუფლებას ქართული მთავრობის დასაცავად დაუპირისპირდა.
კნირშის საელჩო დაუპირისპირდა გერმანიის გენერალური პროკურატურას, რომელმაც 2019 წელს ქალაქ ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად "საქართველოს პრორუსული მთავობის მიმართ მისი დაპირისპირება" დაასახელა.
კნირშმა გერმანიის საელჩოს Facebook-ის გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მან აღნიშნა, რომ გერმანიის პროკურატურას "შეცდომაში შემყვანი ფორმულირება" აქვს გამოყენებული და "გერმანიის სამართლებრივი უწყებების მიზანს საქართველოს მთავრობის რაიმეს სახით დახასიათება არ წარმოადგენდა".
კნირშის მილოცვა საკამათო არჩევნების შემდეგ
ახალახანს, 2021 წლის ოქტომბერში კნირშმა ძალიან სწრაფად გადაწყვიტა, ეღიარებინა ადგილობრივი არჩევნები, რომელშიც 20 ქალაქიდან 19-ში ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს. მას სურდა, რომ "მიელოცა ყველასთვის, ვინც მერად აირჩიეს" და ოპოზიციას შეახსენა, რომ შედეგების მიღება "ძირითადი დემოკრატიული ვალდებულებაა".
"არჩევნების გაყალბებაზე" მხოლოდ ადგილობრივი ოპოზიცია და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები არ საუბრობდნენ. მათთან ერთად "ზეწოლისა და დაშინების შესახებ ფართო მასშტაბზე და თანმიმდევრულ ცნობებზე, ასევე მოქმედი ხელისუფლების ხელში არსებულ გაუმართლებელ უპირატესობებზე" საუბრობდნენ ეუთოს საერთაშორისო დამკვირვებლებიც.
მეორე მხრივ, BILD-ს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განუცხადა, რომ კნირშმა "მიულოცა ყველას, ვინც გახდა მერი და ადგილები დაიკავა საკრებულოში" და რომ არჩევნების შესახებ მისი შეფასება "ევროკავშირის შეფასებისგან არ განსხვავდება".
"ოპოზიციის ცილისწამების კამპანია" კნირშის წინააღმდეგ
თავის მხრივ საქართველოს მმართველმა პარტიამ, რომლის უკანაც მილიარდერი, ოლიგარქი და რუსეთის მეგობარი, ბიძინა ივანიშვილი დგას მხარი დაუჭირა ელჩ კნირშს. 2020 წლის ივლისში გამოქვეყნებულ განცხადებაში ხელისუფლებამ დაგმო "ცილისწამების კამპანია საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ კნირშის მიმართ, რომლის უკანაც ოპოზიციის ლიდერები დგანან".
როგორც ჩანს, გერმანიის ელჩი და მმართველი პარტია ერთმანეთთან ჰარმონიაში არიან, მაშინ როცა გერმანელი დიპლომატის ურთიერთობა სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან საკმაოდ მტრულად გამოიყურება.
► გერმანიის საგარეო სამინისტრო აღნიშნულს უარყოფს. უწყება BILD-ს პასუხობს, რომ გერმანიის საელჩო და ელჩი საუბრობენ "ისე, როგორც მათ საქმიანობას შეეფერება - კარგი ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან".
ელჩის მეუღლის შემოსავლის წყაროები
ჰუბერტ კნირშის მეუღლე, ევა მარია კნირში თბილისში საცხოვრებლად ელჩთან ერთად 2018 წელს ჩავიდა, მისი დასაქმება კი ახლა ქვეყანაში აურზაურს იწვევს.
ელჩის მეუღლე 2021 წლის გაზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით მოწვეულ ლექტორად მუშაობს.
"ჩვენი კლიენტი "მოწვეული ლექტორის" თანამდებობას იკავებს და შესაბამის ანაზღაურებას სასწავლო საათების მიხედვით იღებს". - უთხრეს ქალბატონი კნირშის ადვოკატებმა BILD-ს.
ეს გერმანელი პროფესორების ხელფასის ოთხი დონიდან ყველაზე დაბალია.
გერმანიის ელჩის ცოლის ადვოკატები და საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საჯაროა, რაც ფორმალურად სიმართლეა.
ფაქტია, რომ უნივერსიტეტმა 2019 წელს სახელმწიფო დაფინანსების სახით 145 000 ევრო მიიღო, 2020 წელს კი 610 000 ევრო. თუმცა, მეორე მხრივ სახეზეა ერთჯერადი ინვესტიციის სახით მიღებული 1 მილიარდი ევრო ფონდი ქართუსგან, რომელიც ოლიგარქის ოჯახსა და ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.
საქმე ფარულ ჩარიცხვებთან არ გვაქვს, მეტიც ამ თანხისთვის უნივერსიტეტი საკუთარ ვებგვერდზე თავის დიდსულოვან შემომწირველს მადლობასაც უხდის.
არამხოლოდ ეს აქცევს ამ უნივერსიტეტს უნიკალურად, არამედ საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებას ობიექტის შექმნის დროსაც განსაკუთრებული მიდგომა ჰქონდა.
მაშინ, როცა საქართველოში ჩვეულებრივ საჯარო უნივერსიტეტებს სწავლების ავტორიზაციისა და სასწავლო პროგრამების აკრედიტაციის მისაღებად ხანგრძლივი პროცესის გავლა უწევთ, ოლიგარქის უნივერსიტეტმა აკრედიტაციის მოპოვება 2019 წლის ნოემბერში სპეციალურად მისთვის შექმნილი კანონის (#5274) ფარგლებში მოახერხა.
აღიარებისთვის მათ მხოლოდ წესდების გამოქვეყნება მოუხდათ, რომელსაც შემდეგ ქართული ოცნების მთავრობის წევრებმა ხელი მოაწერეს.
ევა მარია კნირშის ოლიგარქის უნივერსიტეტში დასაქმება არ გახლავთ გერმანიის ელჩის ბიუჯეტის ერთადერთი შემოსავალი მთავრობასთან დაახლოებული წყაროებიდან.
► 2020 წლის ივნისიდან, ქალბატონი კნირში მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის შვილობილ კომპანია TUM International-ში შტატგარეშედ "საქართველოს წარმომადგენლის" პოზიციაზე მუშაობს.
"ის ამ საქმისთვის შეუფერებლად დაბალ, საათობრივ ანაზღაურებას იღებს". - განმარტავენ კნირშის ადვოკატები.
მეტიც: "2020 წელს ის თვეში 60 საათის განმავლობაში მუშაობდა, 2021 წლიდან კი მისი სამუშაო საათები თვეში 30 საათამდე შემცირდა. ამის მეშვეობით, მისი თითოეული სამუშაო საათი და შესრულებული საქმე აღრიცხულია".
მიუნხენში დაფუძნებული კომპანიის ვებგვერდზე ნათქვამია: "TUM International საქართველოს მთავრობის დავალებით, რამდენიმე წელია კონსულტაციას უწევს KIU-ს".
აქედან გამომდინარე, გერმანიის ელჩის ცოლი ორმაგ სარგებელს იღებს საქართველოში ყველაზე მდიდარი კაცისა და ძალაუფლების მქონე ოლიგარქისგან, რომელიც ქართული ოცნებისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის უკან დგას.
ერთი მხრივ, უშუალოდ უნივერსიტეტში მუშაობით, რომელსაც ის [ივანიშვილი] დიდწილად აფინანსებს, ხოლო მეორე მხრივ, გერმანულ კომპანიაში მუშაობით, რომელიც კონსულტაციას უწევს სამთავრობო ოლიგარქის უნივერსიტეტს საქართველოს მთავრობის დავალებით.
► თუმცა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩის ცოლის დასაქმებაში პრობლემას ვერ ხედავს. BILD-ის კითხვაზე პასუხად უწყებამ მხარი დაუჭირა "საზღვარგარეთ პარტნიორებს შორის პროფესიულ ურთიერთობებს " და განაცხადა, რომ ქალბატონი კნირშის საქმიანობა მათთვის ცნობილია.
ელჩი საკუთარი ცოლის დამსაქმებელს არეკლამებს
2021 წლის იანვარში ელჩი კნირში და საქართველოს განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს შეხვდა და მასთან ერთად "ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების საკითხები განიხილა". შეხვედრაზე კნირშმა "სამომავლო თანამშრომლობის მზაობა" გამოხატა და "გერმანელი და ქართველი პროფესორების სამეცნიერო მიღწევები" შეაქო.
თავის მხრივ, ქართული ოცნების მინისტრმა ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა ელჩს "ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერისა და განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის". ამის გარდა მინისტრმა ხაზი გაუსვა ივანიშვილის როლსაც, რომლის "უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების გარეშეც საქართველოში ამ რანგის უნივერსიტეტი ვერ იარსებებდა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა: "კორუფციის შესაძლო შემთხვევა"
ანტიკორუფციული ორგანიზაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ვიცეპრეზიდენტმა, გიორგი ონიანმა BILD-ს დაუდასტურა, რომ "გერმანიის ელჩი საქართველოში მმართველი პარტიის მიმართ ნაკლებად კრიტიკულად აღიქმება". ელჩის ცოლის მიერ სახელმწიფოსგან მიღებული ორმაგი სარგებელი კი "შესაძლოა პრობლემას არ წარმოადგენდეს მყარი დემოკრატიისა და მოქმედი ინსტიტუტების მქონე ქვეყანაში, თუმცა, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ეს აშკარად პრობლემაა".
ანტიკორუფციული ორგანიზაციის მკვლევარი აცხადებს, რომ "ელჩი კნირშის საქმიანობისა და განცხადებების ფონზე, შესაძლოა, არსებობდეს ნიშნები კორუფციის შესაძლო შემთხვევის ან სულ მცირე ინტერესთა კონფლიქტის შესახებ".
► მიუხედავად იმისა, რომ BILD-ის კითხვებისთვის ქალბატონ კნირშს პირადად არ უპასუხია, მისმა ადვოკატებმა გამოცემას განუცხადეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფის "კორუფციაში დადანაშაულება უსაფუძვლოა" და BILD-ს მსგავსი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავება სთხოვეს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ევა მარია კნირში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების კურსებს ასწავლის და წარმოადგენს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის შვილობილ კომპანიას, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს განვითარებაში ეხმარება. "ამ ქმედებებიდან კორუფციის ბრალდების შექმნა აბსურდია".
თუმცა, ელჩი კნირშისა და მისი ცოლის მიმართ ეჭვებს მხოლოდ ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა არ გამოთქვამს.
► ვიოლა ფონ კრამონმა, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოზე ევროპარლამენტში დემოკრატიის გავრცელებისა და არჩევნებზე დაკვირვების კომიტეტში, BILD-ს განუცხადა:
"ყოველგვარ პოლიტიკურ აზრსაა მოკლებული, როდესაც ამდენად პოლარიზებულ ქვეყანაში, გერმანიის ელჩის მეუღლე ანაზღაურებად საქმიანობას ეწევა უნივერსიტეტში, რომელიც დაფინანსების 99%-ს მმართველი პარტიის უკან მდგომი ოლიგარქისგან იღებს.
რასაკვირველია, ინტერესთა კონფლიქტთან გვაქვს საქმე, მისი ქმრის პოლიტიკურ საქმიანობასთან მიმართებით. პირადად მე, ეს ძალიან პრობლემურად მიმაჩნია და მხოლოდ შემიძლია მოვუწოდო, შეწყვიტოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც სამთავრობო კონტრაქტებით მიღებულ შემოსავალს გულისხმობს".
აღსანიშნავია, რომ კნირშის შემთხვევა პირველი არაა, როდესაც ელჩის ცოლი ოლიგარქი ივანიშვილისგან არაპირდაპირ შემოსავალს იღებს.
► ქართველმა ექსპერტმა, თორნიკე გორდაძემ, ბერლინის სტრატეგიული მეცნიერებების საერთაშორისო ინსტიტუტიდან, BILD-ს უთხრა, რომ "რამდენიმე წლის წინ სხვა ევროპელი ელჩის ცოლი ივანიშვილის მიერ დაფინანსებულ სკოლაში მუშაობდა. საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანისთვის ამგვარი ქმედებები, რა თქმა უნდა, ქველმოქმედებაა და კორუფციასთან არანაირ კავშირშია. თუმცა, ევროპული სტანდარტებით ეს ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს.
დემოკრატიის მკვლევარი აღმოსავლეთ ევროპაზე ფოკუსით აგრძელებს: "ბატონი კნირში ნამდვილად მიიჩნევა საქართველოში დასავლელ ელჩებს შორის ყველაზე მეტად ხელისუფლების მომხრედ. ის ფაქტი, რომ მისი ცოლი ივანიშვილის ერთ-ერთ საგანმანათლებლო ინსტიტუტში მუშაობს, კრავს ერთიან სურათს და ჯდება სრულ მონახაზში."
► გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების (DGAP) ექსპერტს საქართველოს საკითხებში, სტეფან მაისტერს განსხვავებული აზრი გააჩნია. "არ ვფიქრობ, რომ აქ ინტერესთა კონფლიქტს აქვს ადგილი" - ეუბნება ის BILD-ს. ამის მიზეზი კი "სწავლების პრაქტიკაა, რომელიც შეზღუდულად ანაზღაურებადია."
მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი "დიდწილად ბიძინა ივანიშვილის მიერაა დაფინანსებული", ეს არ არის "იშვიათი შემთხვევა საქართველოში, როდესაც ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი მნიშვნელოვან პროექტებშია ჩართული. საერთო ჯამში, ექსპერტისთვის "შემოსავლები, იმ ორივე საქმიანობიდან, რაც არცთუ იშვიათია ელჩის პარტნიორისთვის, წარმოადგენს ძალიან მცირე მიზეზს, იმისთვის, რომ კორუფციაზე ვისაუბროთ. სწორედ ამის გამო, მაისტერს "არ სჯერა, რომ ეს თანამდებობები ელჩის აზრზე ან პოლიტიკაზე გავლენას ახდენს."
თუმცა აღსანიშნავია, რომ მაისტერი, რომელიც თბილისში, ჰაინრიხ ბიოლის ფონდში, 2019-2021 წლებში მუშაობდა, აღიარებს რომ: "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთი წევრი მართლაც უკმაყოფილოა ბატონი კნირშის ცალმხრივი პოზიციებით."