საპროტესტო აქციები ყაზახეთში

პუტინი: ყაზახეთში აქტიურად გამოიყენებოდა მაიდანის ტექნოლოგიები

ვლადიმირ პუტინი
Евгения Новоженина / Reuters / Scanpix / LETA

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) შეხვედრაზე ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

პუტინის თქმით, ყაზახეთის სახელმწიფოებრიობას საფრთხე არა საწვავის ფასის ზრდით გამოწვეული აქციების გამო შეექმნა, არამედ იმის გამო, რომ "მდგომარეობით შიდა და გარე დესტრუქციულმა ძალებმა ისარგებლეს".

"ადამიანებს, რომლებიც საწვავის ბაზრის გამო გამოდიოდნენ, სხვა მიზნები ჰქონდათ, ხოლო ისინი, ვინც ხელში იარაღი აიღო და სახელმწიფოზე შეტევა დაიწყო - ეს სულ სხვა ხალხი იყო და მათ სულ სხვა მიზნები ჰქონდათ. ამასთანავე აქტიურად გამოიყენებოდა მაიდანის ტექნოლოგიებისთვის დამახასიათებელი პროტესტის საინფორმაციო მხარდაჭერის ელემენტები" - თქვა პუტინმა.

პუტინი ასევე დაეთანხმა ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს, რომ ქვეყანას თავს დაესხნენ "ტერორისტები". პუტინი მიიჩნევს, რომ ყაზახეთში გამოყენებული იყო "მებრძოლების კარგად ორგანიზებული და მართული ჯგუფები, რომლებმაც, როგორც ჩანს, მომზადება გაიარეს საზღვარგარეთ ტერორისტულ ბანაკებში".


ყაზახეთში საპროტესტო აქციები მანგისთაუს ოლქში 2 იანვარს დაიწყო. პროტესტის თავდაპირველი მიზეზი საწვავის ფასის გაძვირება გახდა, თუმცა მალევე აქციებმა ანტისამთავრობო ხასიათი მიიღეს. აქციები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, აყთაუში, ალმათისა და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც.

10 იანვარს უსაფრთხოების კომიტეტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სიტუაცია სტაბილურია და კონტროლის ქვეშაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულია 5 000-ზე მეტი ადამიანი. საპროტესტო აქციების ფონზე დაპირისპირების შედეგად დაღუპულები არიან როგორც სამართალდამცველები, ასევე დემონსტრანტები. მთელ ქვეყანაში სანაგნგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. პრეზიდენტის ბრძანებით, სამხედროებს დემონსტრანტებისთვის გაფრთხილების გარეშე სროლა შეუძლიათ. 

მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო. თოყაევი დემონსტრანტებს ცვლილებებს დაჰპირდა, თუმცა ამისდა მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს. მისი განცხადებით, ის გაუძღვება ყაზახეთის უშიშროების საბჭოს. ეს პოზიცია სამუდამო ვადით ებარა ყაზახეთის პირველ პრეზიდენტსა და გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას, ნურსულთან ნაზარბაევს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაზარბაევმა ქვეყანა დატოვა, თუმცა ინფორმაციას უარყოფს მისი პრესსპიკერი.

თოყაევმა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან გამკლავებისთვის დახამრება სთხოვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ). ОДКБ-მ ყაზახეთში სამხედრო ძალების შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანაში სამხედროების შეყვანა პირველმა რუსეთმა დაიწყო. ОДКБ-ს მისიის ფარგლებში დასრულდა ყაზახეთში სომეხი სამხედროების გადაყვანაც.

კომენტარები