საპროტესტო აქციები ყაზახეთში

პრესსპიკერი: ნაზარბაევმა თავად გადასცა პრეზიდენტ თოყაევს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა

asianews.it

ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა თავად მიიღო გადაწყვეტილება, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობები პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევისთვის გადაეცა. ამის შესახებ ნაზარბაევის პრესსპიკერი აიდოს უკიბაი საუბრობს.

"როგორც აქამდე ვთქვი, ელბასი მთელი ეს დრო ნურ-სულთანშია და სახელმწიფოს მეთაურს ეხმარებოდა. თუმცა შეიქმნა რთული მდგომარეობა და ამიტომ ელბასიმ თავად მიიღო გადაწყვეტილება, პრეზიდენტისთვის გადაეცა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის პოსტი, რადგან კარგად ხვდებოდა, რომ არეულობა და ტერორი ითხოვდა ოპერატიულ, მკაცრ და უკომპრომისო პასუხს ქვეყნის ხელისუფლებისგან" – თქვა პრესსპიკერმა.

უშიშროების თავმჯდომარის პოსტზე ნაზარბაევი სიცოცხლის ბოლომდე იყო დანიშნული. როგორც ქვეყნის პირველ პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს ასევე აქვს ერის ლიდერის - ელბასის წოდებაც.

ინფორმაცია, რომ უშიშროების საბჭოს პრეზიდენტი თოყაევი გაუძღვებოდა ცნობილი 5 იანვარს გახდა. თოყაევს არ აუხსნია, რა მიზეზით დატოვა პოსტი ნაზარბაევმა.

ნურსულთან ნაზარბაევის პრესსპიკერის თქმით, ყოფილ პრეზიდენტზე "დიდი რაოდენობით ცრუ ჭორი და პროვოკაციული ინფორომაცია" ვრცელდება მედიითა და სოციალური ქსელებით, რაც პოლიტიკური მდგომარეობის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული.

აღსანიშნავია, რომ გუშინ 8 იანვარს, აიდოს უკიბაიმ უარყო ყაზახური მედიით გავრცელებულ ინფორმაცია, რომ ნურსულთან ნაზარბაევმა ქვეყანა დატოვა.


ყაზახეთში საპროტესტო აქციები მანგისთაუს ოლქში 2 იანვარს დაიწყო. პროტესტის თავდაპირველი მიზეზი საწვავის ფასის გაძვირება გახდა, თუმცა მალევე აქციებმა ანტისამთავრობო ხასიათი მიიღეს. აქციები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, აქთაუში, ალმათიში და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულია 5 000-ზე მეტი ადამიანი. საპროტესტო აქციების ფონზე დაპირისპირების შედეგად დაღუპულები არიან როგორც სამართალდამცველები, ასევე დემონსტრანტები. მთელ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. პრეზიდენტის ბრძანებით, სამხედროებს მომიტინგეებისთვის გაფრთხილების გარეშე სროლა შეუძლიათ.

მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო. თოყაევი დემონსტრანტებს ცვლილებებს დაჰპირდა, თუმცა ამისდა მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა.

თოყაევმა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან გამკლავებისთვის დახამრება სთხოვა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას (ОДКБ). ОДКБ-მ ყაზახეთში სამხედრო ძალების შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანაში სამხედროების შეყვანა პირველმა რუსეთმა დაიწყო. ОДКБ-ს მისიის ფარგლებში დასრულდა ყაზახეთში სომეხი სამხედროების გადაყვანაც.

Reuters-თან საუბარში ყაზახმა დისიდენტმა, ბანკირმა, პოლიტიკური პარტიის – ყაზახეთის დემოკრატიული არჩევნის ლიდერმა და ყაზახეთის ენერგეტიკის ყოფილმა მიინისტრმა, მუხთარ აბლიაზოვმა თავს ოპოზიციის ლიდერი უწოდა და დასავლეთს დახმარებისკენ მოუწოდა.

კომენტარები