ბათუმი

ბათუმში მოქალაქეებს გაზის სუნი აწუხებთ, მისი გამომწვევი ოფიციალური მიზეზი უცნობია

ბათუმში მოქალაქეები 8 იანვრის დილიდან გაზის მძაფრ სუნს უჩივიან, თუმცა, მისი გამოწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სოციალურ ქსელ Facebook-ზე ბათუმელები წერენ, რომ მძაფრი სუნის გამო მათ თავის ტკივილი და ღებინების შეგრძნებაც აწუხებთ. 

ამ პრობლემის შესახებ ლელოს ლიდერი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი, ირაკლი კუპრაძე Facebook-ზე წერს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ისინი დაუკავშირდნენ Socar Georgia-ს, სადაც მათ უთხრეს, რომ გაზის სუნთან დაკავშირებით კომპანიის ცხელ ხაზზე არაერთმა ადამიანმა დარეკა, თუმცა, ადგილზე მისულ მათ წარმომადგენლებს, საბედნიეროდ, გაზის გაჟონვის არცერთი შემთხვევა არ აღურიცხავთ. 

მაუწყებლის ცნობითვე, კომპანიაში გაარკვიეს, რომ ზღვაში გემიდან სითხე ჩაიღვარა, რამაც სავარაუდოდ, გამოიწვია სუნის გავრცელება. 

ტაბულა ცდილობს დაუკავშირდეს ბათუმის მერიას ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად. თავად მათ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ. 

კომენტარები