საპროტესტო აქციები ყაზახეთში

"საკვები არ გვაქვს, გარეთ ხალხს ხოცავენ" – ყაზახეთში მყოფი ქართველები დახმარებას ითხოვენ

ბაჩანა მელაშვილი
FACEBOOK

ყაზახეთში მყოფი ქართველები დახმარებას ითხოვენ. მოქალაქე ბაჩანა მელაშვლმა FACEBOOK-ზე მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს რომ ის და კიდევ 3 ქართველი რთულ ვითარებაში იმყოფებიან. 

მისი თქმით, საკვების პრობლემა აქვთ და დაპირისპირების და არეულობის გამო სახლიდანაც ვერ გადიან. 

"ყაზახეთში ვართ, კერძოდ ალმათში. 9 იანვარს უნდა გამოვფრენილიყავით, მაგრამ თვითმფრინავის რეისები გადაიდო. აქ ყველაფერი ჩაკეტილია, მაღაზიები დაკეტილია და გავიჭედეთ 4 ადამიანი. რა შეიძლება გავაკეთოთ ვინმემ თუ იცით, ვის შეიძლება დავეკონტაქტოთ ან საქართველოში ან აქ ვინმეს თუ ნაცნობი გყავთ ალმათში გთხოვთ შეგვეხმიანეთ.

ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. მაღაზიებში არაფერი იყო, ვერაფერი ვიყიდეთ. საკვების მხრივ ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ. ერთი სიტყვით ყველანაირად ძალიან გვიჭირს, გარეთაც ვერ გავდივართ, აქ ხოცავენ გარეთ და ვერაფერს ვახერხებთ. 

თუ ვინმეს შეგიძლიათ რამენაირას დაგვეხმაროთ ან ვინმე ნაცნობის შესახებ გვითხრათ, ახლობელი ან შინაურირომ შევეხმიანოთ, რათა ცოტა ხნით შევეფაროთ ან საკვებით მაინც დაგვეხმარონ, ძალიან გთხოვთ ნუ გაატარებთ და შეგვეხმიანეთ. ინტერნეტის მდგომარეობაც ძალიან ცუდია, ხან იჭერს, ხან-არა და იქნებ რამენაირად დამეკონტაქტოთ".- ამბობს მელაშვილი. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საელჩო ყაზახეთში ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, ხოლო მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

"როგორც ცნობილია, მანგისტაუს ოლქში და ალმატიში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათი. რაც შეეხება ფრენებს, საქართველო-ყაზახეთის რეისები ჩვეულებრივად დაფრინავს. ხოლო ყახაზეთში საქართველოს საელჩო მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ამ ნომერზე +7 (717) 224-32-58", – უთხრეს ტაბულას საგარეო საქმეთა უწყებაში.


 

ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო.

თოყაევმა პრემიერმინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ყოფილი ვიცეპრემიერი და ფინანსთა მინისტრი, ალიხან სმაილოვი დანიშნა. მინისტრთა კაბინეტის ამჟამინდელი წევრები კი მოვალეობის შესრულებას ახალი მთავრობის დამტკიცებამდე გააგრძელებენ.

საპროტესტო აქციები მანგისთაუს ოლქში საწვავის ფასის გაძვირების გამო 2 იანვარს დაიწყო. პირველ იანვარს ერთი ლიტრი თხევადი გაზის ფასი 50-60 ტენგედან 120 ტენგემდე გაიზარდა. რეგიონში საწვავად ძირითადად თხევად გაზსს იყენებენ.

მოგვინებით აქციები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, აქთაუში, ალმათიში და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც. საწვავის ფასების დაწევის მოთხოვნას მალევე მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დაემატა. რამდენიმე ქალაქში აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

მთავრობა გადადგა, პრეზიდენტიყასიმ-ჟომართ თოყაევი კი დემონსტრანტებს ცვლილებებს დაჰპირდა, თუმცა ამისდა მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა.

ქალაქ ალმათიში დემონსტრანტებმა დაიკავეს მერიის შენობა.

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია მთელ ქვეყანაში.

ქვეყნის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი აცხადებს, რომ ის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს. მისი განცხადებით, ის გაუძღვება ყაზახეთის უშიშროების საბჭოს. ეს პოზიცია სამუდამო ვადით ებარა ყაზახეთის პირველ პრეზიდენტსა და გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას, ნურსულთან ნაზარბაევს.

რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების შეყვანა დაიწყო. რია ნოვოსტი წერს, რომ ყაზახეთში რუსული ნაწილის გაგზავნა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციით მიმდინარეობს. 

ასევე, ყირგიზეთი მზადაა ყაზახეთს დაეხმაროს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა აკილბეკ ჟაპაროვმა მთავრობის სხდომაზე თქვა და აღნიშნა, რომ ყირგიზეთი მზადაა შეასრულოს თავისი ვალდებულება, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრმა ქვეყანამ. 

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციამ (ОДКБ) ყაზახეთში ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყაზახეთში დაძაბულობის ზრდის ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სიტუაციასთან გამკლავებისთვის დახმარება  სთხოვა.

ყაზახეთის პოლიციის ინფორმაციით, ადმინისტრაციულ შენობებზე კონტროლის მოპოვებისას სამართალდამცველებმა ათეულობით მომიტინგე მოკლეს. ჯანდაცვის მინისტრის თანახმად, პროტესტის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, 400-მდე ჰოსპიტალიზებულია, ხოლო 62 ინტენსიური მკურნალობის ქვეშაა.

კომენტარები