საპროტესტო აქციები ყაზახეთში

ყირგიზეთი მზადაა ყაზახეთს დაეხმაროს

არეულობა ყაზახეთში
რია

ყირგიზეთი მზადაა ყაზახეთს დაეხმაროს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა აკილბეკ ჟაპაროვმა მთავრობის სხდომაზე თქვა და აღნიშნა, რომ ყირგიზეთი მზადაა შეასრულოს თავისი ვალდებულება, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრმა ქვეყანამ. 

"სახელმწიფოს მეთაურის და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ყირგიზეთის რესპუბლიკა მზადაა მხარი დაუჭიროს მოძმე ყაზახეთს და საჭიროების შესაბამისად შეასრულოს მოკავშირეთა ვალდებულებები".- აღნიშნულია პრემიერმინისტრის მიმართვაში. 

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციამ (ОДКБ) ყაზახეთში ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყაზახეთში დაძაბულობის ზრდის ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სიტუაციასთან გამკლავებისთვის დახმარება  სთხოვა.

ОДКБ-ს წევრი ქვეყნის, სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციის კოლექტიური უსაფრთხოების საბჭომ მიიღო. 

"ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, თოყაევის თხოვნისა და ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტისთვის საფრთხის შექმნასთან, რაც გარე ჩარევითაა გამოწვეული, დაკავშირებით ОДКБ-ს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭომ, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების მე-4 მუხლის შესაბამისად, გადაწყვიტა ყაზახეთის რესპუბლიკაში გაგზავნოს ОДКБ-ს კოლექტიური მშვიდობისმყოფელი ძალები". – თქვა ფაშინიანმა.

ძალები ყაზახეთში განსაზღვრული ვადით, სიტუაციის დასტაბილურების მიზნით გაიგზავნება, როგორც ამას ორგანიზაციის წევრები ამბობენ.

ОДКБ რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის სამხედრო ალიანსია. მისი ამჟამინდელი წევრები არიან: რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ОДКБ-ს წევრი იყო საქართველოც, 1999 წლამდე. ამ ორგანიზაციის ყოფილი წევრები არიან აზერბაიჯანი და უზბეკეთიც.


ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო.

თოყაევმა პრემიერმინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ყოფილი ვიცეპრემიერი და ფინანსთა მინისტრი, ალიხან სმაილოვი დანიშნა. მინისტრთა კაბინეტის ამჟამინდელი წევრები კი მოვალეობის შესრულებას ახალი მთავრობის დამტკიცებამდე გააგრძელებენ.

საპროტესტო აქციები მანგისთაუს ოლქში საწვავის ფასის გაძვირების გამო 2 იანვარს დაიწყო. პირველ იანვარს ერთი ლიტრი თხევადი გაზის ფასი 50-60 ტენგედან 120 ტენგემდე გაიზარდა. რეგიონში საწვავად ძირითადად თხევად გაზსს იყენებენ.

მოგვინებით აქციები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, აქთაუში, ალმათიში და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც. საწვავის ფასების დაწევის მოთხოვნას მალევე მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დაემატა. რამდენიმე ქალაქში აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

მთავრობა გადადგა, პრეზიდენტიყასიმ-ჟომართ თოყაევი კი დემონსტრანტებს ცვლილებებს დაჰპირდა, თუმცა ამისდა მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა.

ქალაქ ალმათიში დემონსტრანტებმა დაიკავეს მერიის შენობა.

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია მთელ ქვეყანაში.

ქვეყნის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი აცხადებს, რომ ის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს. მისი განცხადებით, ის გაუძღვება ყაზახეთის უშიშროების საბჭოს. ეს პოზიცია სამუდამო ვადით ებარა ყაზახეთის პირველ პრეზიდენტსა და გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას, ნურსულთან ნაზარბაევს.

გავრცელებული კადრების მიხედვით, ზოგიერთ რეგიონში ყაზახეთის ეროვნული გვარდიის წევრები დემონსტრანტებს ბარდებიან, ზოგიც კი მათ მხარეს გადადის. ბოლო ინფორმაციით მოვლენებს ემსხვერპლა 10-მდე სამართალდამცველი, 400-მდე კი დაშავდა. ჯერჯერობით უცნობია არიან თუ არა დაღუპულები საპირისპირო მხარეს.

ბოლო ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეტაკებები ქალაქ ალმათის მთავარ მოედანზე მიმდინარეობს. ადგილზე 50-მდე სამხედრო ტექნიკაა. მათ შორის, ჯავშანტრანსპორტი და სამხედრო სატვირთო მანქანები შეიარაღებული უსაფრთხოების ძალებით.

კომენტარები