საქართველოსთვის

ქემოკლიძე: ზუგდიდის საკრებულოს წევრს და მის არასრულწლოვან შვილს თავს დაესხნენ, სცემეს

IPN

პარტია საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრის, კახა ქემოკლიძის ინფორმაციით, პარტიის სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ზუგდიდის საკრებულოს წევრს, მალხაზ თორიას და მის არასრულწლოვან შვილს თავს დაესხნენ. ქემოკლიძის თქმით, თავდასხმა 30 დეკემბერს, დაახლოებით 21:30 სთ-ზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში მოხდა, როდესაც თორია შვილთან ერთად გარდაცვლილი მამის საფლავზე მიდიოდა.

"30 დეკემბერს, დაახლოებით 21:30 სთ-ზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, მალხაზ თორია, მის არასრულწლოვან შვილთან ერთად ავტომანქანით მისული იყო რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი მამის საფლავზე, რა დროსაც, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მის ავტომანქანას მიუახლოვდა და გზა ჩაუხერგა სამმა ავტომობილმა. მათ შორის ერთ-ერთი იყო თეთრი ფერის, BMW-ს მარკის, X3 მოდელის  ავტომანქანა, მეორე ავტომანქანა იყო მერსედესის მარკის, ლურჯი ფერის, ხოლო მე-3 ავტომანქანა იყო შავი ფერის, თუმცა მისი მარკის  გარჩევა დაზარალებულებმა ვერ შეძლეს.

სამივე ავტომანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით 8 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც მიუახლოვდნენ  მალხაზ თორიას და ფიზიკურად გაუსწორდნენ როგორც მას, ასევე მასთან ერთად მყოფ მის არასრულწლოვან შვილს". – თქვა ქემოკლიძემ.

პარტია შესაბამის ორგანოებს ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას და თავდამსხმელების დასჯას ითხოვს.

კომენტარები