ყაზახეთი

ყაზახეთში სიკვდილით დასჯა გაუქმდა

ყასიმ-ჟომართ თოყაევი

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ხელი მოაწერა სიკვდილით დასჯის გაუქმებაზე საკანონმდებლო ცვლილებას. ერთი კვირის წინ ცვლილებები მიიღო პარლამენტმა.

საკანონმდებლო ცვლილებები შემუშავებული იყო სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზე საერთაშორისო პაქტის პროტოკოლით, რომელის რატიფიცირებაც ყაზახეთში 2021 წლის იანვარში მოხდა.

ყაზახეთის სისხლის სამართლის კოდექსი სიკვდილით დასჯას 17 მუხლით ითვალისწინებდა, თუმცა 2003 წელს პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ხელი მოაწერა სიკვდილის განაჩენზე მორატორიუმს. სასჯელის ალტერნატივა სამუდამო პატიმრობა გახდა.

პარლამენტს თავდაპირველად სიკვდილის დასჯის გაუქმება 13 მუხლით სურდა, სიკვდილით დასჯა უნდა დარჩენილიყო მათ შორის ომის გაჩაღების, მასობრივი მკვლელობების და გენოციდის შემთხვევებში. თუმცა ტოკაევმა პარლამენტს მოუწოდა, სიკვდილით დასჯა ყველა შემთხვევაში გაუქმებულიყო.

Amnesty International-ის 2020 წლის მონაცემებით სიკვდილით დასჯა 55 ქვეყანაში მოქმედებს. საქართველოში სიკვდილით დასჯა 1997 წელს გაუქმდა.

კომენტარები