საქართველოს მთავრობა

თუ გრანტის მიმღები სტუდენტი არ დაბრუნდება, შესაძლოა, სამართლებრივი ღონისძიება დაიწყოს

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის  შესახებ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების მიხედვით, თუ გრანტის მიმღები სტუდენტი საქართველოში არ დაბრუნდება, შესაძლოა, მის მიმართ სამართლებრივი ღონისძიებები დაიწყოს. დადგენილება გამოქვეყნებისთანავე, 27 დეკემბრიდან ამოქმედდა. 

განათლების საერთაშორისო ცენტრი სასწავლო გრანტით დაფინანსებულ სტუდენტებს ყოველთვის ავალდებულებდა, რომ უცხოეთში კურსის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნებულიყვნენ და მიღებული გამოცდილება საკუთარი ქვეყნის განვითარებისთვის მოეხმარათ. თუმცა, ცვლილების მიხედვით, უკვე შესაძლებელია სასწავლო პროგრამით საზღვარგარეთ წასული ზოგიერთი სტუდენტის მიმართ სამართლებრივი ღონისძიება დაიწყოს.

"გრანტის მიმღებს, რომელსაც დარღვეული აქვს პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქართველოში დაბრუნების ერთთვიანი ვადა, მიეცეს გაფრთხილება და განესაზღვროს ვადა 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით, რათა დაბრუნდეს საქართველოში და შეასრულოს პროგრამით, სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამითა და გრანტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. აღნიშნული ვადის გასვლის შემთხვევაში ცენტრმა განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები", - წერია დადგენილებაში. 

ასევე, დადგენილების მიხედვით, თუ სტუდენტი საქართველოში დაბრუნების გადავადების ლეგიტიმურ მიზეზს წარადგენს, შესაძლოა ეს საპატიოდ ჩაეთვალოს. განცხადების წარდგენისთვის მას 20 სამუშაო დღე ექნება.

"გრანტის მიმღების მიერ დადგენილებით განსაზღვრული საქართველოში დაბრუნების ერთთვიანი ვადის არა უმეტეს 20 სამუშაო დღით გადაცილების შემთხვევაში, შესაბამისი პროგრამის კომისია განიხილავს გრანტის მიმღების მიერ წარდგენილ განცხადებას ვადაგადაცილების საპატიოდ ჩათვლის შესახებ და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილია, მიიჩნიოს ვადაგადაცილება სახელშეკრულებო ვალდებულების უმნიშვნელო დარღვევად და ჩათვალოს საპატიოდ", - ვკითხულობთ სამთავრობო დადგენილებაში.

დადგენილების თანახმად, ცენტრს ევალება ითანამშრომლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ სამუშაო ჯგუფთან, რათა დასაქმდნენ სტიპენდიატები.

კომენტარები