კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში ომიკრონით ინფიცირების 51 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5 ბავშვია

VERGE

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში შტამ ომიკრონით ინფიცირების 51 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5 არასრულწლოვანია.

"დღევანდელი დღისთვის ქვეყანაში ლაბორატორიულად დაფიქსირებულია ომიკრონის 51 შემთხვევა, როგორც სეკვენირებით, ისე სპეციალური PCR ტესტით. ასევე, იკვლევენ კიდევ რამდენიმე ათეულ შემთხვევას. 18 წლამდე ბავშვი გახლავთ 5, აქედან 1 გახლავთ სტაციონარში, მაგრამ მას სხვა ძირითადი დაავადება აქვს, იმის გამოა სტაციონარში და არა ომიკრონით ინფიცირების გამო". – თქვა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 69 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 32 741 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 661 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  3 841 პაციენტი.

კორონავირუსის ახალი შტამი, ომიკრონი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება.

წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. ომიკრონის მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი.

კომენტარები