ენერგეტიკა

2025 წლისთვის ბელგიაში ყველა ატომური ელექტროსადგური დაიხურება

Shutterstock

ბელგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლისთვის ქვეყანაში ყველა არსებული ატომური ელექტროსადგური დაიხურება. გადაწყვეტილება შვიდი პარტიისგან შემდგარმა სამთავრობო კოალიციამ მიიღო. კოალიციაში შედის მწვანეთა პარტიაც, რომელიც ბირთვული ენერგიის წინააღმდეგია.

მთავრობა მე-20 საუკუნის მოძველებული ტექნოლოგიით აშენებული 7 ბირთვული რეაქტორის დახურვით მიზნად ისახავს ინვესტირებას თანამედროვე და შედარებით პატარა ზომის მოდულურ ბირთვულ რეაქტორებში. გარდამავალ პერიოდში ბელგია რესურსად გაზს გამოიყენებს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა 2 ბირთვული რეაქტორის დახურვა გადაიდოს.

"ჩვენ ვემშვიდობებით მოძველებულ ბირთვულ რეაქტორებს და ვკონცენტრირდებით მომავლის ბირთვულ ენერგიაზე". - ამბობს ქვეყნის პრემიერმინისტრი ალექსანდრ დი კრუ.

ატომური ელექტროსადგურების მუშაობის შედეგად გარემოს დამაბინძურებელი აირების დიდი რაოდენობა არ გამოყოფა, თუმცა, უშუალოდ მათი აშენების და შემდეგ უკვე დეკონსტრუქციის შედეგად გამოიყოფა დიდი რაოდენობით სათბური აირები, რის გამოც ევროკავშირის ქვეყნებს ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები აქვთ.

ევროკავშირის "მწვანე შეთანხმების" (Green Deal) თანახმად, ზოგიერთი ქვეყანა და მათ შორის, გერმანიაც, ბირთვული ენერგიის გენერაციიდან ამოღებას გეგმავს 2022 წლამდე, საფრანგეთი კი, რომლის ენერგოგენერაციის 70% სწორედ ბირთვულ ენერგიას შეადგენს, კიდევ უფრო მეტი ატომური ინფრასტრუქტურის აშენებას აპირებს, რადგან მიაჩნია, რომ ამ ტიპის ენერგია მწვანე ენერგიას მიეკუთვნება.

კომენტარები