ღამის კლუბები

კალაძე კლუბებს: მობრძანდით, შეგხვდებით, მაქსიმალურად ხელს შეგიწყობთ, სანამ შეზღუდვა იქნება

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ღამის კლუბებს დაეხმარება და მზად არის, რომ საკლუბო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდეს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა. 

"ყველაზე დიდი პრობლემა დღეს ვისაც აქვს შექმნილი, ესაა ღამის კლუბები. აქედან მივმართავ, რომ გასულ წელს სერიოზული დახმარება აღმოვუჩინეთ და ახლაც მზად ვართ, შევხვდეთ ამ ბიზნესს და მაქსიმალური თანადგომა აღვუთქვათ ამ ბიზნესს. ვიცი, რამდენი ოჯახი დგას მათ უკან და ვიცი, რამდენად რთულ მდგომარეობაში არიან.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დიდი სახელი გაუთქვეს ჩვენს ქალაქს, უამრავი ახალგაზრდა სარგებლობს და პოზიტიურია ასეთი კლუბების არსებობა. მივმართავ კლუბების ხელმძღვანელებს, ჩვენთან კომუნიკაციის პრობლემა მათ არ აქვთ, მობრძანდით და მაქსიმალურად ხელს შეგიწყობთ, სანამ ეს შეზღუდვა იქნება".- თქვა კახა კალაძემ. 


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ 22 დეკემბერს თქვა, რომ საბჭოს კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია. მისივე თმით, საკლუბო ღონისძიებების ჩატარება კვლავ აკრძალულია.

თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ამბობენ, რომ "ფიზიკური განადგურებისგან თავის ასარიდებლად" გააგრძელებენ მუშაობას კორონავირუსის "მინიმუმამდე გავრცელების მექანიზმით". მათივე თქმით, დაგეგმილი ღონისძიებების გაუქმების მიზნით, მთავრობა საკლუბო სივრცეების მეიჯარეებს მოსთხოვეს, რომ თავად მეიჯარეებმა არ დაუშვან კლუბების გახსნა.

კომენტარები