ეკონომიკა

2022 წელს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის 8.5%-მდე შემცირებას პროგნოზირებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური საბაზისო სცენარის მიხედვით, 2022 წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2 პროცენტული პუნქტით, 8.5%-მდე შემცირება. სებ-ის ვარაუდით, მომავალ წელს ინფლაციის მაჩვენებელი 7%-მდე შემცირდება, რაც რეფინანსირების განაკვეთის შემსუბუქებას გამოიწვევს. 

"დროებითი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში 2022 წლის მეორე კვარტლიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და საშუალოვადიან პერიოდში სამიზნე მაჩვენებელს დაუბრუნდება.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებული რეჟიმიდან გამოსვლის ტემპი ინფლაციური მოლოდინების შემცირების დინამიკაზე იქნება დამოკიდებული. მოსალოდნელია, რომ ინფლაციური მოლოდინების შემცირების კვალდაკვალ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი თანდათანობით შემცირდება და საშუალოვადიან პერიოდში ნეიტრალურ დონეს დაუბრუნდება". – წერია ანგარიშში. 

გარდა საბაზისო სცენარისა, ეროვნული ბანკი ოპტიმისტურ სცენარსაც ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, მომავალ წელს ინფლაციის მაჩვენებელი 5.5%-მდე შემცირება, რეფინანსირების განაკვეთი – 8%-მდე, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კი 6%-ს შეადგენს. 

პესიმისტური სცენარის მიხედვით, მომავალ წელს ინფლაციის დონე 8%-ს მიაღწევს, რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით გამკაცრდება და 11%-ით განისაზღვრება, ქვეყნის ეკონომიკა კი მხოლოდ 2%-ით გაიზრდება. 

მონეტარული პოლიტიკის, იგივე რეფინანსირების განაკვეთი აღნიშნავს იმ პროცენტულ მაჩვენებელს, რომელშიც ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე ასესხებს თანხას. ინფლაციის მართვის (თარგეთირება) პირობებში, რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა აძვირებს კომერციული ბანკების მიერ გაცემულ სესხებს, რაც მათზე მოთხოვნის შემცირებას იწვევს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება კი – პირიქით.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 8 დეკემბერს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5%-ით განისაზღვრა

10.5%-იანი რეფინანსირების განაკვეთი 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რომელიც ეროვნულ ბანკს დაუწესებია. განაკვეთის ზრდა კომერციული ბანკების მიერ გაცემულ სესხების გაძვირებას იწვევს. 

საზოგადოება და ბანკების ინფორმაციით, ნოემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 169 700 სესხია გაცემული, მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. გაცემული სესხების საერთო მოცულობა კი 8.39 მილიარდ ლარს შეადგენს. 

კომენტარები