დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ეუთო: უკრაინასა და სეპარატისტულ ტერიტორიებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება განახლდა

ეუთო-ში უკრაინასა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის 2020 წლის 22 ივლისის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განახლებაზე იუწყებიან. 22 დეკემბერს ჩატარდა სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის (უკრაინა, რუსეთი, ეუთო) სხდომა, სადაც მხარეები ზემოხსენებულ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ. 

"პირველად, დიდი ხნის განმავლობაში, იგრძნობა რეალური შესაძლებლობა უზრუნველყოფილი იყოს სიმშვიდე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების შეხების ხაზზე. უკრაინული მხარე ამისთვის სრულად მზადაა. მნიშვნელოვანია ამ ნაბიჯის მიმართ მზაობა მეორე მხარის მხრიდანაც დავინახოთ", – ამბობს სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი.

ჯერჯერობით, უკრაინული მედიის ცნობით, დონბასის რეგიონში სიმშვიდეა.

გასულ თვეებში მოსკოვი და კიევი 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.

ვითარება უკრაინა-რუსეთის საზღვრებზე კვლავ დაძაბული რჩება.


უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

"რუსეთის გეგმები ითვალისწინებს უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას 2022 წლის დასაწყისში, ორჯერ უფრო დიდი სამხედრო ძალით, ვიდრე ეს ბოლო გაზაფხულზე, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ვარჯიშების დროს ვიხილეთ. გეგმა მოიცავს ბატალიონის 100 ტაქტიკური ჯგუფის ფართო მოძრაობას, სავარაუდოდ, 175 000 სამხედროს ჩართულობით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და აღჭურვილობით", – ანონიმურად თქვა Washington Post-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. 

პარალელურად დაძაბულია NATO-სა და რუსეთის ურთიერთობა. 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები