პრეზიდენტის ინიციატივა შერიგებაზე

გახარია: შეთანხმება უნდა მოხდეს ზეპარტიულ საკითხებზე, არა კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით

პარტია საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას თქმით, მას სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია და ეროვნული შეთანხმება უნდა მოხდეს ზეპარტიულ საკითხებზე და არა კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით.

"მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით მე აზრი არ შემიცვლია, ბევრჯერ მაქვს ეს აზრი დაფიქსირებული და ცნობილია საყოველთაოდ. რაც შეეხება შერიგებას, საკმაოდ ამბიციური ტვირთი იტვირთა ქალბატონმა პრეზიდენტმა და ყველამ მადლობა უნდა გადავუხადოთ, იმიტომ, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ რადიკალიზაცია და პოლარიზაცია არის რაც ქვეყანას წარსულში აბრუნებს და არ მიჰყავს წინ. შესაბამისად, უნდა გავაკეთოთ მარტივი რამ – უნდა შევეცადოთ ყველანი, რომ პრეზიდენტის ინიციატივას დავეხმაროთ, იმ შესაძლებლობებით, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ის შესაძლებლობები, რომ ყველა ჩვენი წარმომადგენლობა, საკანონდებლო დონეზე, ჩვენი ინიციატივები, ყველაფერი იქნება განსაზღვრული, იმით, რომ ქალბატონ პრეზიდენტს, ამ მისიის შესრულებაში, რომელიც მარტივი არ იქნება, დავეხმაროთ.

კონკრეტული ადამიანების საკითხის დაყენება ეროვნული შეთანხმების კონტექსტში ზუსტად რომ აფერხებს ამ შეთანხმებას. ეროვნული შეთანხმება უნდა მოხდეს ზეპარტიულ საკითხებზე, როგორიც არის: ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ქვეყნის საგარეო ორიენტაცია, მართლმსაჯულების სისტემა, დეოკუპაცია და კიდევ ბევრი რამ. ეს არის ზეპარტიული საკითხები, რომელზეც უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია". - თქვა გახარიამ.


სალომე ზურაბიშვილი 10 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა და დადო პირობა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს "უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად" და წინ წასასვლელად. საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ "შერიგების პროცესის" ვალდებულება აიღო.

16 დეკემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნაძვის ხის გახსნის ცერემონიალზე ორბელიანების სასახლეში მიღებაზე მიიწვია ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები და მათ "ეროვნული თანხმობის პროცესზე" ესაუბრა. ოპოზიციის ნაწილი მიღებაზე არ მივიდა.

კომენტარები