პრეზიდენტის ინიციატივა შერიგებაზე

მარგველაშვილი: პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს

ტაბულა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეხვდა. რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ მარგველაშვილმა თქვა, რომ საქმეებზე, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულად ფასდება, პოლიტიკური მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს. 

მისივე თქმით, ეს ეხება სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეებს.  მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ მრგვალ მაგიდასთან "ზოგი ბრალდებული და ზოგი დევნის ობიექტი" ვერ იქნება. 

"ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არიან დამნაშავეები, ან უდანაშაულოები, ეს იმას ნიშნავს, რომ გადაფასების და ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესში ჩვენ ამ პროცესს გარკვეულად ვაჩერებთ და შესაბამისად, საუბარი, როცა ამ მაგიდასთან, სადაც ქართულმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა მოიყაროს თავი, ამ საუბრის წინაპირობა არ შეიძლება იყოს მიმდინარე დევნა, ან პატიმრობა ამ საუბრის აქტორებისა. ყოველგვარი იურიდიული შეფასების გარეშე, უბრალოდ, წინაპირობად ამ ურთიერთობის უნდა იყოს, რომ ამ მრგვალ მაგიდასთან, ვინც მივუსხდებით და ვისაუბრებთ საქართველოს ერთიან და მთლიან პოლიტიკაზე, ისეთ საკითხთან მიმართებაში, როგორიც არის ჩვენი უმთავრესი გეოპოლიტიკური გამოწვევები, ამ ნაწილში ვერ ვიქნებით ზოგი პატიმარი და ზოგი დევნის ობიექტი, ამ პერიოდისთვის ამ საქმეებზე უნდა გაკეთდეს მორატორიუმი".- ამბობს მარგველაშვილი. 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას  საქართველოს ირგვლივ შექმნილი ძალიან რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა განიხილეს. მარგველაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია. 

კომენტარები