პრეზიდენტის ინიციატივა შერიგებაზე

ბაქრაძე პრეზიდენტს თანხმობასა და შერიგებაზე ესაუბრა

დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ბაქრაძე, საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა, სადაც მისი თქმით, ერთ-ერთი განსახილველი საკითხი თანხმობისა და შერიგების პროცესი იყო.

"მე დამიკავშირდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, რამდენადაც ვიცი ამ კვირაში უკვე დაიწყო და გაგრძელდება შეხვედრები, როგორ პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე ცალკეულ პოლიტიკოსებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან. დღეს ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ვხედავთ ამ პროცესს, პირველ რიგში, რაც შეეხება თანხმობა-შერიგების საკითხს. ამ წუთში ჩემთვის მნიშვნელოვანია ეროვნული თანხმობის საკითხი, ძირითად პრინციპებზე შეთანხმება, თუ რა უნდა იყოს ამ ქვეყანაში", - თქვა მან შეხვედრის შემდეგ.

სალომე ზურაბიშვილი 10 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, დღეს დემოკრატია გამოწვევების წინაშე დგას და, ფაქტობრივად, მის წინააღმდეგ ომია გამოცხადებული.

სიტყვით გამოსვლის ბოლოს, ზურაბიშვილი პოლარიზაციის გადაჭრის საკითხს შეეხო და დადო პირობა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს "უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად" და წინ წასასვლელად. საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ "შერიგების პროცესის" ვალდებულება აიღო.

16 დეკემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნაძვის ხის გახსნის ცერემონიალზე ორბელიანების სასახლეში მიღებაზე მიიწვია ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები და მათ "ეროვნული თანხმობის პროცესზე" ესაუბრა. ოპოზიციის ნაწილი მიღებაზე არ მივიდა.

კომენტარები