პრეზიდენტის ინიციატივა შერიგებაზე

სააკაშვილი: მადლობელი ვარ მარგველაშვილის მიერ დაკავებული პროაქტიული პოზიციისთვის

Georgian Journal

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილისა და პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრას ეხმაურება და მადლობას უხდის გიორგი მარგველაშვილს, "დაკავებული პროაქტიული პოზიციისთვის". 

სააკაშვილი ასევე მიესალმება ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიერ დიალოგის დაწყებას პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. 

"მადლობელი ვარ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაკავებული პროაქტიული პოზიციისთვის და მზად ვარ შევხვდე მას ნებისმიერ დროს, კრიზისის დაძლევის გზებზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე სასაუბროდ.

​მოვუწოდებ ხელისუფლებას დაბრკოლება არ შეუქმნას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს.

ასევე, მივესალმები "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიერ დიალოგის დაწყებას პრეზიდენტ ზურაბიშვილთან". - წერია მიხეილ სააკაშვილის Facebook გვერდზე. 

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. როგორც მან თქვა, პოლიტიკურ მემკვიდრესთან არაერთი საკითხი განიხილა, მათ შორის კი იყო სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ინიციატივა ე.წ "ინკლუზიური გარემოს" შექმნაზე, რომლის მიზანსაც პოლიტიკური აქტორების შერიგება წარმოადგენს. 


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 10 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, დღეს დემოკრატია გამოწვევების წინაშე დგას და, ფაქტობრივად, მის წინააღმდეგ ომია გამოცხადებული.

სიტყვით გამოსვლის ბოლოს, ზურაბიშვილი პოლარიზაციის გადაჭრის საკითხს შეეხო და დადო პირობა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს "უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად" და წინ წასასვლელად. საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ "შერიგების პროცესის" ვალდებულება აიღო.

16 დეკემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნაძვის ხის გახსნის ცერემონიალზე ორბელიანების სასახლეში მიღებაზე მიიწვია ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები და მათ "ეროვნული თანხმობის პროცესზე" ესაუბრა. ოპოზიციის ნაწილი მიღებაზე არ მივიდა. 

კომენტარები