დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ლიტვა უკრაინისთვის ლეტალური იარაღის გადასაცემად მზად არის

ლიტვის თავდაცვის მინისტრი, არვიდას ანუშაუსკასი და უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკსიი რეზნიკოვი

უკრაინა-რუსეთის დაძაბულობის ფონზე, ლიტვის თავდაცვის მინისტრის, არვიდას ანუშაუსკასის თქმით, ლიტვა მზადაა, რომ უკრაინას ლეტალური იარაღი გადასცეს.

"აუცილებელია უკრაინისთვის ყველანაირი მხარდაჭერა და ლიტვა ამისთვის მზადაა, მათთვის ლეტალური იარაღის გადაცემის ჩათვლით", – თქვა ანუშაუსკასმა გერმანიის თავდცვის მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. 

მას არ უსაუბრია დამატებით დეტალებზე და უცნობია, თუ რა სახის ლეტალური იარაღი შეიძლება გადასცეს ლიტვამ უკრაინას. 

"ახლა პირდაპირ არ გიპასუხებთ, ეს მრავალმხრივი თანხმობის საკითხია, რადგან ჩართულია რამდენიმე სახელმწიფო, არა მხოლოდ დონორი და მიმღები, არამედ [იარაღის] მწარმოებელი და მიმწოდებელიც", – თქვა ლიტვის თავდაცვის მინისტრმა.


უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ათიათასობით რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

"რუსეთის გეგმები ითვალისწინებს უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას 2022 წლის დასაწყისში, ორჯერ უფრო დიდი სამხედრო ძალით, ვიდრე ეს ბოლო გაზაფხულზე, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ვარჯიშების დროს ვიხილეთ. გეგმა მოიცავს ბატალიონის 100 ტაქტიკური ჯგუფის ფართო მოძრაობას, სავარაუდოდ, 175 000 სამხედროს ჩართულობით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და აღჭურვილობით", – ანონიმურად თქვა Washington Post-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. 

დასავლური სახელმწიფოები რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე ეკონომიკური შედეგების შესახებ აფრთხილებენ. ბაიდენის თქმით, თუ პუტინი უკრაინაში შეიჭრება, რუსეთის ეკონომიკისთვის შედეგი დამანგრეველი იქნება. რუსეთს სანქციებით ემუქრება ევროპარლამენტიც.

17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები