იუსტიციის სამინისტრო

ბრეგაძე 17 მაისზე: 2013-ის შემდეგ მსგავსი აქტების პრევენციას ვახერხებთ, 5 ივლისთან ვერ ვაიგივებ

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, 2013 წლის შემდეგ განხორციელებული რეფორმების წყალობით 17 მაისის მსგავსი მასშტაბის ძალადობრივი აქტების პრევენციას სახელმწიფო ორგანოები ახერხებენ. მინისტრის თქმით, 2013 წლის 17 მაისისა და 2021 წლის 5 ივლისის ჰომოფობიურ ძალადობრივ მოვლენებს ერთმანეთთან ვერ აიგივებს.

"რა თქმა უნდა, ამ დროს ქართული ოცნება იყო ხელისუფლებაში, თუმცა მხედველობაში უნდა იყოს მიღებული გარემოება, რომ ქართული ოცნების მთავრობას ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდა ამ კუთხით. სწორედ ამ მძიმე მემკვიდრეობის შეცვლის და ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომების დამკვიდრების მიზნით 2014 წელს მიღებული იქნა ანტიდისკრიმინაციული კანონი და ადამიანის უფლებათა დაცვის პირველადი სტრატეგია. სწორედ ეს რეფორმები იქნა შემდეგში შეფასებული ევროკავშირის მიერ ვიზალიბერალიზაციის პროცესში, რომელიც ასევე წარმატებით დასრულდა. 2013 წლის შემდეგ სახელმწიფო ორგანოები ახერხებენ მსგავსი მასშტაბის ძალადობრივი აქტების პრევენციას. 

რაც შეეხება აღსრულების ნაწილს, ჩვენ სრულად გავითვალისწინებთ იმ სულისკვეთებას, რაც აქვს სტრასბურგის სასამართლოს. რაც შეეხება ამ საქმესთან 5 ივლისის საქმის გაიგივებას, ამაში, რა თქმა უნდა, ვერ დაგეთანხმებით და მოგახსენებთ, რომ ამ საქმეზე გამოძიება დასრულდება და შემდგომში შეიძლება ვისაუბროთ კონკრეტულ შედეგებზე. აქ გარკვეულწილად პოლიტიკური შეფასების გაკეთება, ვფიქრობ, ძალიან ნაადრევია". – უპასუხა ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას ლელოს დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის შეკითხვას.

2013 წლის 17 მაისის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს დაზარალებულებისთვის €193 500-ის გადახდა დააკისრა. სასამართლომ დაადგინა რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლი მე-14-სთან ერთად, რაც გულისხმობს LGBTQ+ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციულად არაადამიანურ მოპყრობას.

2021 წელს Tbilisi Pride-ის მიერ ორგანიზებული ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

კომენტარები