მკვლელობა გუდაურში

მერაბ კობიაშვილი: დიდი ტრაგედიაა, რომელიც მთელი ცხოვრება მხრებით მაინც უნდა ვატარო

"ესაა ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მე მხრებით უნდა ვატარო მაინც მთელი ცხოვრება". – ამბობს გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ კობიაშვილი, რომელიც გორის რაიონულ სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად უდანაშაულოდ ცნეს.

"ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად ველოდებოდი, იქედან გამომდინარე, რომ მე არ ჩამიდენია განზრახ მკვლელობა. ესაა ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მე მხრებით უნდა ვატარო მაინც მთელი ცხოვრება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ნაფიც მსაჯულებს სწორი გადაწყვეტილებისთვის, სიმართლისთვის. მეტს ვერაფერს გეტყვით". – თქვა კობიაშვილმა სასამართლო პროცესის დატოვების შემდეგ.

2020 წლის 16 თებერვალში გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ კობიაშვილი გორის რაიონულ სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად უდანაშაულოდ ცნეს. მსაჯულთა გადაწყვეტილებით, კობიაშვილი აუცილებელი მოგერიებისა და თავდაცვის მოტივით მოქმედებდა.

მერაბ კობიაშვილი განზრახ მკვლელობისა (108-ე მუხლი) და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის (19-109 მუხლი) ბრალდებით იმავე დღეს, 16 თებერვალს დააკავეს.

პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის ჯგუფური ცემისთვის 6 პირს ბრალი წარუდგინა. ჯგუფური ძალადობის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, სადაც კობიაშვილი დაზარალებულად ცნეს.

სასამართლოსთან შეკრებულები იყვნენ მოკლულის ოჯახის წევრები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბრალდებული არ უნდა გაემართლებინათ.

მერაბ კობიაშვილის დაკავებისას ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი ამბობდა, რომ კობიაშვილი აუცილებელი მოგერიების მოტივით მოქმედებდა.

"როგორც ვიდეოკადრებით, ასევე საქმის მასალებით ირკვევა, რომ მერაბ კობიაშვილი მოქმედებდა იმ კონსტიტუციური უფლებების გათვალისწინებით, რომელიც გულისხმობს აუცილებელ მოგერიებას. ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავდამსხმელებისგან საკუთარი თავი დაიცვას მაშინ, როდესაც იმ ადგილას არ იმყოფება სახელმწიფო სამსახური, პოლიცია". – ამბობდა ადვოკატი.

კობიაშვილის ცოლის თქმით, დაკავებისას მას თვალის დაზიანება ჰქონდა, ასევე თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით იყო დაჭრილი ხელში.

გამოძიების პოზიციით, კობიაშვილის მოქმედებები არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო აუცილებელ მოგერიებად  და ის განზრახ მოქმედებდა. პროკურატურა აცხადებდა, რომ გუდაურში კობიაშვილმა 2020 წლის 16 თებერვალს "სრულიად უმიზეზოდ" მიაყენა ჭრილობა 19 წლის მ.უ-ს.

"ნაცემმა მ.უ.-მ დასახმარებლად ასაკით უფროს მეგობრებს მიმართა, რომლებთან ერთადაც მ.კ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. განაწყენებული მ.კ. ავტომანქანაში შენახული ცეცხლსასროლი პისტოლეტით შეიარაღდა და დაახლოებით 06:00 საათზე, გუდაურის ახალ დასახლებაში მდებარე შპს რედკოს კუთვნილ ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, "GLOCK 17"-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღით მ.უ.-ს მეგობრების  თ.გ-ს და დ.ს-ს მისამართით განახორციელა გასროლები". – ნათქვამი იყო 2020 წლის 7 მაისს პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები