საქართველოს პარლამენტი

მედიაკოალიცია აზარტულ თამაშებზე კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვას უარყოფითად აფასებს

საქართველოს პარლამენტი / Facebook

კოალიცია მედიას ადვოკატირებისთვის უარყოფითად აფასებს  საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას აზარტული თამაშების და მათი რეკლამების შემზღუდავი საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ. 

"საგანგაშოდ მიგვაჩნია ის გარემოებაც, რომ  “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების გავლენა მაუწყებლების შემოსავლებზე არ არის სათანადოდ შეფასებული. არსებობს რისკი, რომ კანონპროექტის მიღება  მნიშვნელოვნად დააზარალებს მაუწყებლების ფინანსურ დამოუკიდებლობას. ამ საკითხის გამოკვლევა კანონპროექტის სრულფასოვანი განხილვის გარეშე წარმოუდგენელია". - წერს კოალიცია მედიას ადვოკატირებისთვის. 

ორგანიზაციის შეფასებით, კანონპროექტის მომზადების პროცესში არ არის გავლილი კონსულტაციები სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებებისგან, ამასთანავე - კანონპროექტს არ ერთვის დარგის ექსპერტების, მათ შორის, კომუნიკაციების კომისიის, სათანადო დასკვნები.

"კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და ერთ დღეში მისი ორი მოსმენით მიღება გამორიცხავს სრულფასოვან საპარლამენტო განხილვას, დაინტერესებული პირების მიერ მოსაზრებების წარდგენას და კანონპროექტის დახვეწას. აღნიშნული პროცედურები პრინციპულად მნიშვნელოვანია ინიციატივებზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი ფინანსური ეფექტების გამოწვევა შეუძლია სახელმწიფო ბიუჯეტისა და მედია სექტორისთვის". - ვკითხულობთ კოალიცია მედიას ადვოკატირებისთვის შეფასებაში.

2021 წლის 13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ბიურომ გადაწყვიტა, დაჩქარებული წესით განიხილოს კანონპროექტი აზარტული თამაშების რეკლამირებაზე. ქართული ოცნების წევრების მიერ ინიიცირებული კანონპროექტი, კოალიციის შეფასებით, სამაუწყებლო კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ეფექტის მატარებელია. 

კანონში ინიცირებული ცლილებების მიხედვით, აიკრძალება აზარტული თამაშების რეკლამირება. მაუწყებლები მხოლოდ სპორტული ღონისძიებების გაშუქებისას შეძლებენ სპონსორობის სანაცვლოდ, გარკვეული რეგულაციების დაცვით, აზარტული თამაშების რეკლამირებას. 


“კანონპროექტის მიღების შემთხვევაში განხორციელდება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცვლილების ეფექტიანი აღსრულება. კერძოდ, აიკრძალება აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის მოწყობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის მოწყობის ორგანიზატორის, ლოტოს მოწყობის ორგანიზატორის და ბინგოს მოწყობის ორგანიზატორის შესახებ რეკლამა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთ რეკლამას მაუწყებელი სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის მაუწყებლობის სპონსორობის სანაცვლოდ ავრცელებს”, - ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.


უკანასკნელ წლებში საქართველოში აზარტული თამაშების ინდუსტრია მაღალი ტემპით იზრდება, კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს საერთო ბრუნვის მოცულობამ 6 მილიარდი ლარი შეადგინა, 2020 წელს კი – 32.1 მილიარდი ლარი. 

3 წელიწადში დაფიქსირებული თითქმის 430%-იანი ზრდა უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია, რომელიც, ძირითადად, ონლაინ კაზინოებზე გაზრდილი მოთხოვნითაა განპირობებული. 
მთავრობის გეგმა კი აზარტული თამაშების სწორედ ამ ახალი და მზარდი სეგმენტის შეზღუდვას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით სათამაშო ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად დარეგულირებული სფეროა, აზარტული თამაშების კომპანიები არაერთი სახის გადასახადს იხდიან, კერძოდ, მოგების, საშემოსავლოს, დღგ-ს, ქონების და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს.

საერთო ჯამში, გადასახადებითა და ჯარიმებით აზარტული თამაშების კომპანიებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად, დაახლოებით, 300-400 მილიონი ლარი შედის. 

გარდა ამისა, აზარტული თამაშების სექტორი საქართველოში 11 000-მდე მოქალაქეს ასაქმებს, დაქირავებულთა საშუალო ხელფასი კი 2 000 ლარს აღწევს.

მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლიდან დღემდე ბიზნესის ბრუნვა თითქმის 430%-ით გაიზარდა, გადასახადებიდან მიღებული თანხის მოცულობა არსებითად არ შეცვლილა, რაც რიგი ფაქტორებითაა გამოწვეული. 

კომენტარები