დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბორის ჯონსონმა და ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო შეხვედრის დროს უკრაინაზე ისაუბრეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც ჯონსონმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების ზრდის გამო.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, პუტინი გააფრთხილა, რომ რუსეთის მხირდან უკრაინის წინააღმდეგ დესტაბილაზაციის ნებისმიერი მცდელობა სტრატეგიული შეცდომა იქნება, რომელსაც სერიოზული შედეგები მოყვება.

კრემლის მიერ საუბრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ პუტინი და ჯონსონი სხვადასხვა არხის საშუალებით დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ნაბიჯები NATO-ს წევრი ქვეყნების მიერ უკრაინაში "სამხედრო გაფართოების" შედეგია, რაც რუსეთს პირდაპირ საფრთხეს უქმნის.


უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ათიათასობით რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

"რუსეთის გეგმები ითვალისწინებს უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას 2022 წლის დასაწყისში, ორჯერ უფრო დიდი სამხედრო ძალით, ვიდრე ეს ბოლო გაზაფხულზე, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ვარჯიშების დროს ვიხილეთ. გეგმა მოიცავს ბატალიონის 100 ტაქტიკური ჯგუფის ფართო მოძრაობას, სავარაუდოდ, 175 000 სამხედროს ჩართულობით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და აღჭურვილობით", – ანონიმურად თქვა Washington Post-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. 

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები