NATO

ბლინკენი: NATO-ს კარი ღიაა უკრაინისთვის და საქართველოსთვის, თუ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ

ენტონი ბლინკენი
AP

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა NBC News-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ NATO-ს კარი ყველა ევროპული სახელმწიფოსთვის ღიაა, რომელსაც წევრობა სურს და ალიანსის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

"დაარსების დღიდან ალიანსი ნათლად ამბობს, რომ მისი კარი ღიაა ევროპის ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც წევრობა სურს და საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ალიანსმა 2008 წელს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი კარი ღიაა უკრაინისთვის, საქართველოსთვისაც, თუ მათ აქვთ წევრობის სურვილი და დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს. ეს პროცესი წინ წავა." – თქვა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივანმა თქმით, რომ ყველაფერი რისი თავიდან აცილება სურს, NATO-ს გააქტიურება ევროპაში, უკრაინის სურვილი გახდეს ალიანსის წევრი, მისი ქმედებებით არის გამოწვეული. ბლინკენმა აღნიშნა, რომ 2014 წლამდე, ყირიმის ანექსიამდე და აღმოსავლეთ უკრაინის დროებით ოკუპაციამდე უკრაინაში NATO-ში გაწევრიანების ძლიერი სურვილი არ ყოფილა, მდგომარეობა რუსეთის აგრესიული მოქმედებების შემდეგ შეიცვალა.

2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების ერთგულებაზე საუბროსბს ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე პოლიტიკური საკითხებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით და სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინაც.

"რუსეთს სურს უკრაინისა და საქართველოს მსგავს ქვეყნებს საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებები უბრძანოს. როგორც ცოტა ხნის წინ, რიგაში NATO-ს მინისტრებმა აღნიშნეს, ჩვენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულები ვართ", – წერს კოლომინა.

გასულ დღეებში რუსეთის ფედერაციამ NATO-ს მოსთხოვა უკან წაეღო 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დაპირება, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებოდნენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები. 

რუსეთის ეს მოთხოვნა დაგმო ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა. NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, მიუღებელია, რომ "რუსეთი ცდილობს აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ ძალებს გავლენის სფეროები აქვთ, სადაც მათ შეუძლიათ გააკონტროლონ და გადაწყვიტონ, რას გააკეთებენ სხვა წევრები".

რუსეთის მოთხოვნას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყება განცხადებას "მიუღებლად" მიიჩნევს. 

რუსეთი აშშ-სა და NATO-ს სხვა წევრებისგან ასევე მოითხოვს იურიდიულ შეთანხმებას, რომ მის მეზობელ ქვეყნებში არ განლაგდება საიერიშო დანადგარები, რომლებიც მათ საფრთხეს შეუქმნის. ეს მოთხოვნა ვრცელდება როგორც ალიანსის არაწევრს, ისე წევრ ქვეყნებზე. 

ამას გარდა, რუსეთი ითხოვს ალიანსის შეხების ხაზიდან ოპერატიული სწავლების რაიონების გაყვანას, საბრძოლო ხომალდებისა და თვითმფრინავების მოახლოების მანძილის შეთანხმებას, განსაკუთრებით ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებში, ასევე NATO-რუსეთისა და NATO-აშშ-ს თავდაცვის უწყებებს შორის რეგულარული დიალოგის განახლებას.

კომენტარები