NATO-რუსეთი

"რუსეთი კიდევ მეტს ითხოვს, მეტი დათმობა არ იქნება!" – ლინკევიჩუსი რუსეთის საგარეოზე

Tomas Vinickas / DELFI

"რუსეთი კიდევ მეტს ითხოვს, მეტი დათმობა არ იქნება". - ასე ეხმაურება ლიტვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი რუსეთის საგარეო უწყების მოთხოვნას ეხმაურება, გააუქმონ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. 

"2008 წლის NATO-ს სამიტზე ჩვენ ვერ დავარწმუნეთ მოკავშირეები, MAP-ი მიენიჭებინათ უკრაინისა და საქართველოსთვის. ოპონენტები კამათობდნენ, რომ ეს რუსეთის პროვოცირება იქნებოდა. პროვოცირება პირიქით მოხდა - რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოახდინა, დაიკავა ყირიმი და ახლა უფრო მეტს ითხოვს. მეტი დათმობა არ იქნება!" - წერს ის.  

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

რუსეთის მოთხოვნას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყება განცხადებას "მიუღებლად" მიიჩნევს.   

რუსეთი აშშ-სა და NATO-ს სხვა წევრებისგან ასევე მოითხოვს იურიდიულ შეთანხმებას, რომ მის მეზობელ ქვეყნებში არ განლაგდება საიერიშო დანადგარები, რომლებიც მათ საფრთხეს შეუქმნის. ეს მოთხოვნა ვრცელდება როგორც ალიანსის არაწევრს, ისე წევრ ქვეყნებზე. 

ამას გარდა, რუსეთი ითხოვს ალიანსის შეხების ხაზიდან ოპერატიული სწავლების რაიონების გაყვანას, საბრძოლო ხომალდებისა და თვითმფრინავების მოახლოების მანძილის შეთანხმებას, განსაკუთრებით ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებში, ასევე NATO-რუსეთისა და NATO-აშშ-ს თავდაცვის უწყებებს შორის რეგულარული დიალოგის განახლებას.

რამდენიმე დღის წინ, 8 დეკემბერს გაიმართა ვიდეოშეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის. მათი განხილვის მთავარი საგანი უკრაინის საკითხი იყო. როგორც შეხვედრის შემდეგ ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, აშშ-ს პრეზიდენტი არც ერთ დათმობაზე არ წასულა.

NATO-სა და რუსეთის ფედერაციას შორის 2021 წელს სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა, მას შემდეგ, რაც მათი დიპლომატიური ურთიერთობა უკიდურესად გაუარესდა. რთული ვითარების კიდევ უფრო გამძაფრება გამოიწვია უკრაინის საზღვრებთან არსებულმა დაძაბულობამ.


უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ათიათასობით რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

"რუსეთის გეგმები ითვალისწინებს უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას 2022 წლის დასაწყისში, ორჯერ უფრო დიდი სამხედრო ძალით, ვიდრე ეს ბოლო გაზაფხულზე, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ვარჯიშების დროს ვიხილეთ. გეგმა მოიცავს ბატალიონის 100 ტაქტიკური ჯგუფის ფართო მოძრაობას, სავარაუდოდ, 175 000 სამხედროს ჩართულობით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და აღჭურვილობით", – ანონიმურად თქვა Washington Post-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. 

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები