დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ზელენსკი: დონბასსა და ყირიმზე რეფერენდუმის ჩატარებას არ გამოვრიცხავ

უკრაიის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში დონბასსა და ყირიმში რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამას არ გამორიცხავს. 

ზელენსკის არ უთქვამს თუ რეფერენდუმის დანიშვნა როგორ და როდის იქნება შესაძლებელი, თუმცა ახსენა, რომ ეს უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო პროცესის აღდგენის ერთ-ერთი გზაა. 

"ზოგადად, დონბასში რეფერენდუმის ჩატარებას არ გამოვრიცხავ. ეს შესაძლოა დონბასზე იყოს, ან, შესაძლოა, ყირიმზე, ანდაც ზოგადად ომის დასრულებაზე", – თქვა ზელენსკიმ. 

ზელენსკი მიესალმება ჯო ბაიდენის უშუალო ჩართულობას უკრაინაში ომის დამთავრების მცდელობაში. 

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე არ გამორიცხა პირდაპირი საუბრები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან. ამას გარდა, მისი თქმით, რუსეთმა აშშ დაარწმუნა, რომ უკრაინაში ესკალაციას არ გააგრძელებს.


უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ათიათასობით რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

"რუსეთის გეგმები ითვალისწინებს უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას 2022 წლის დასაწყისში, ორჯერ უფრო დიდი სამხედრო ძალით, ვიდრე ეს ბოლო გაზაფხულზე, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ვარჯიშების დროს ვიხილეთ. გეგმა მოიცავს ბატალიონის 100 ტაქტიკური ჯგუფის ფართო მოძრაობას, სავარაუდოდ, 175 000 სამხედროს ჩართულობით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და აღჭურვილობით", – ანონიმურად თქვა Washington Post-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. 

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები