დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ზელენსკი: რუსეთმა აშშ დაარწმუნა, რომ უკრაინაში ესკალაციას არ გააგრძელებს

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მას აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შეატყობინა, რუსეთის მიერ აშშ-ს დარწმუნების შესახებ, რომ მოსკოვი უკრაინაში ვითარების ესკალაციას არა აპირებს. 

"მესიჯი, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტისგან მივიღე არის, რომ რუსეთმა დაარწმუნა შეერთებული შტატები და მთელი მსოფლიო, რომ ის ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ესკალაციის გაგრძელებას არ აპირებს. 

მგონია, დღეს ეს არც თუ ისე დიდი, არა საბოლოო, თუმცა მაინც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია. 

არანაირ კომპრომისებზე არ გვისაუბრია. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ აშშ-ს მეშვეობით, შესაძლოა, რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკების კიდევ ერთი პლატფორმა გამოგვიჩნდეს", – თქვა ზელენსკიმ. 

აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის ვიდეოშეხვედრა 8 დეკემბერს გაიმართა. მათ ძირითადად უკრაინის საკითხი განიხილეს. 

პირველ დეკემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვის გამოსვლის დროს რუსეთთან მოლაპარაკებების აუცილებლობაზე ისაუბრა.

"სიმართლე უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების გარეშე ომს ვერ შევაჩერებთ და დღეს ეს აღიარებულია ყველას მიერ, ყველა გარე პარტნიორის მიერ", – ამბობდა ზელენსკი. 

მისი ეს სიტყვები ნეგატიურად მიიღო უკრაინის ოპოზიციის ნაწილმა. 


უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ათიათასობით რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

"რუსეთის გეგმები ითვალისწინებს უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას 2022 წლის დასაწყისში, ორჯერ უფრო დიდი სამხედრო ძალით, ვიდრე ეს ბოლო გაზაფხულზე, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ვარჯიშების დროს ვიხილეთ. გეგმა მოიცავს ბატალიონის 100 ტაქტიკური ჯგუფის ფართო მოძრაობას, სავარაუდოდ, 175 000 სამხედროს ჩართულობით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და აღჭურვილობით", – ანონიმურად თქვა Washington Post-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. 

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები