ეკატერინე ტიკარაძე

ტიკარაძე: დიდი ხანი ვფიქრობდი, ჩემი გადაწყვეტილება იყო, სკანდალის ძიების საფუძველი არაა

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მან თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება თავად მიიღო და არანაირი საფუძველი "სკანდალის ძიების" არ არსებობს. ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა TV იმედის ეთერში ისაუბრა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს სათავეში ახალი მინისტრი ახალი წლიდან ჩაუდგება.

"მეგონა საკმაოდ მკაფიო იყო ის განცხადება, რომელიც გუშინ პარტიის ოფისიდან გავაკეთე. თუმცა, მაინც დარჩა ღია კითხვები, რაც შემდეგ სკანდალის საფუძველი გახდა. ნამდვილად არანაირი საფუძველი არაა, რომ ჩვენ ახლა ვეძებოთ სკანდალი ან რაიმე სახის დაპირისპირება, მსგავსი არ მომხდარა. მედია და საზოაგდოება შეიძლება იყოს მშვიდად.

ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რასთან დაკავშირებითაც მე დიდი ხანია ვფიქრობდი, ვინაიდან ვთვლი, რომ როდესაც ადამიანი სამი წელია ერთ ადგილზე, მნიშვნელოვანია ამ დარგის განვითარებისთვის გარკვეული ცვლილებები მოხდეს. თუმცა, გამომდინარე პანდემიიდან ასევე ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, რომ არ შეიძლებოდა გარკვეული საქმეების მიტოვება და მნიშვნელოვანი იყო მათი დასრულება". – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

9 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ტიკარაძის თქმით, ის რჩება მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს წევრად და ჯანდაცვის სფეროსთვის მუშაობას ამ პლატფორმიდან გააგრძელებს. 

ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს არ უთქვამს მიზეზი, რის გამოც ის დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. თუმცა, ბოლო პერიოდში ე.წ მწვანე პასპორტთან დაკავშირებით მას პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდა. კერძოდ, მინისტრს მიაჩნდა, რომ ე.წ მწვანე სტატუსი უვადოდ არ უნდა მინიჭებოდა მათ, ვინც Covid-19 გადაიტანა.

კომენტარები