ეკატერინე ტიკარაძე

გაბუნია ტიკარაძის გადადგომაზე: ვფიქრობ, ეს არის ცვლილების დრო

თამარ გაბუნია, გაბუნია

"ვფიქრობ, ეს არის ცვლილების დრო" – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დასმულ შეკითხვას. გაბუნიას თქმით, ტიკარაძემ გადაწყვეტილება იმისთვის მიიღო, რომ მისი გამოცდილება ისევ ქვეყნის პოლიტიკურ აქტივობებს და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას მოხმარდეს.

"მიზეზებთან დაკავშირებით ქალბატონმა მინისტრმა გუშინ თავად არ ისაუბრა, ამიტომ მე ზედმეტად ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვფიქრობ, ეს არის ცვლილების დრო და ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მინისტრმა მიიღო იმისთვის, რომ მისი პროფესიული ექსპერტიზა, გამოცდილება და შესაძლებლობები ნაყოფიერად მოხმარდეს ისევ და ისევ ქვეყნის პოლიტიკურ აქტივობებს და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას სამომავლოდ. ჯანდაცვის და სოციალური დაცვის პოლიტიკა არის ძალიან კომპლექსური სფერო, რომელიც ითვალისწინებს როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, ასევე მთელ რიგ პოლიტიკური მხარდაჭერის აუცილებლობას". – თქვა გაბუნიამ. 

9 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ის რჩება მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს წევრად და ჯანდაცვის სფეროსთვის მუშაობას ამ პლატფორმიდან გააგრძელებს. 

ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს არ უთქვამს მიზეზი, რის გამოც ის დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. ბოლო პერიოდში ე.წ მწვანე პასპორტთან დაკავშირებით მას პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდა. კერძოდ, მინისტრს მიაჩნდა, რომ ე.წ მწვანე სტატუსი უვადოდ არ უნდა მინიჭებოდა მათ, ვინც Covid-19 გადაიტანა. 

კომენტარები