Marvel

ვინ იქნებიან ახალი სპაიდერმენის ბოროტმოქმედები?

Sky News

​მარველის კინოსამყაროს მორიგი ფილმი ადამიანი-ობობა: სახლისკენ გზა არ არის საქართველოს კინოთეატრებში 16 დეკემბერს გამოვა. 

კომიქსების გმირი შურისმაძიებლების ერთ ერთ წევრს, დოქტორ სტრეინჯს დახმარებისთვის მიმართავს. სუპერგმირი შეცდომას უშვებს და პიტერ პარკერი ახალ პარალელურ სამყაროში აღმოჩნდება, რომელშიც უამრავი მტერი ჰყავს. მისი მოწინააღმდეგეები წინა ორი ტრილოგიის ბოროტმოქმედები არიან. გაგახსენებთ მათ ვინაობას.

ნორმან ოსბორნი

პიტერ პარკერის უახლოესი მეგობრის, ჰარი ოსბორნის მამა. უმსხვილესი კომპანიის, Oscorp-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. საკუთარ თავზე გამოცდის შეუსწავლელ სტიმულატორს, რომელიც მასზე ნეგატიურად იმოქმედებს, შედეგად ოსბორნს პიროვნების გაორება ეწყება. საკუთარი კომპანიის მიერ წარმოებული მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით შეიარაღებული ხდება სპაიდერმენის მოსისხლე მტერი – მწვანე გობლინი. მის როლს დაუბრუნდა უილემ დეფო.


ოტო ოქტავიუსი

მეცნიერი, ჰარი ოსბორნის კომპანიის, Oscorp-ის თანამშრომელი. უიღბლო ექსპერიმენტის შემდეგ ხდება ბოროტმოქმედი, აქვს სხეულზე შეზრდილი რკინის საცეცები. მეტსახელი – დოქტორი რვაფეხა. პირველად გამოჩნდა 2004 წლის Spider-Man 2-ში. მის როლს ალფრედ მოლინა ასრულებს.

მაქს დილონი

ელექტროობის ინჟინერი, რომელიც ასევე Oscorp-ისთვის მუშაობს. უბედური შემთხვევის შემდეგ დილონი უძლეველ ელექტროდ იქცევა – არსებად, რომელსაც ელექტროენერგიის კონტროლი შეუძლია. აღმერთებს სპაიდერმენს, თუმცა ზებუნებრივი ძალების შეძენის შემდეგ მისი მთავარი მეტოქე ხდება. ახალ ფილმში, ისევე, როგორც 2014 წლის კომიქსის ეკრანიზაციაში, მის როლს ჯეიმი ფოქსი ასრულებს.

ამ ეტაპზე უცნობია გამოჩნდებიან თუ არა ახალ ფილმში ძველი სპაიდერმენები – ტობი მაკგუაიერი და ენდრიუ გარფილდი.

კომენტარები