დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ლავროვი: კიევს საკუთარ სინდისთან მარტო თუ დავტოვებთ, არაფერს გააკეთებს, საჭიროა იძულება

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავორვის თქმით, თუ უკრაინა მინსკის შეთანხმების შესრულებას არ აპირებს, საჭიროა მისი იძულება. ამის შესახებ ლავროვმა Россия 1-ის ეთერში ილაპარაკა.

"თუ უკრაინას საკუთარ თავთან, საკუთარ სინდისთან მარტო თუ დავტოვებთ, არაფერს გააკეთებს. საჭიროა მისი იძულება, ამისთვის შეიქმნა ნორმანდიის ფორმატი, მაგრამ ბერლინი და პარიზი ჯერ უგულებელყოფენ საკუთარ ვალდებულებებს" - თქვა ლავროვმა.

მინსკის პროტოკოლს ხელი 2014 წელს მოეწერა და მისი მიზანი დონბასში ომის დასრულებაა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს უკრაინამ, რუსეთმა, ეუთო-მ და უკრაინის სეპარატისტულმა რეგიონებმა, ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ და ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ. დონბასში კონფლიქტის დასასრულებლად შეხვედრები იმართებოდა ნორმანდიის ფორმატში, რომელშიც უკრაინა, რუსეთი, საფრანგეთი და გერმანია მონაწილეობდნენ.

უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების თავმოყრის გამო უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობები კვლავ დაიძაბა. საკითხის განხილვისთვის ლავროვი უკვე შეხვდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს. შეხვედრამდე ბლინკემა ლავროვი უკრაინასთან დაკავშირებით ძვირი საზღაურის შესახებ გააფრთხილა.

უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების თავმყრა იქნება აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ვიდეოშეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა. შეხვედრა 7 დეკემბერს გაიმართება.

უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, 90 000-მდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. 

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები