კორონავირუსი მსოფლიოში

ომიკრონის გავრცელების გამო დიდ ბრიტანეთში შესვლის წესები მკაცრდება

AP Photo/Alberto Pezzali

დიდი ბრიტანეთში ყველა შემსვლელს ამიერიდან კორონავირუსის ტესტის გაკეთება ფრენამდე 48 საათით ადრე მოუწევს, მიუხედავად მისი ვაქცინის სტატუსისა. ამის მიზანი კორონავირუსის ახალი შტამის - ომიკრონის გავრცელების შეზღუდვაა.

მოგზაურებს შეეძლებათ როგორც სწრაფი ტესტის, ასევე PCR ტესტის გაკეთება. მას შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთში ომიკრონის შტამი დაფიქსირდა, ხელისუფლებამ PCR ტესტის გაკეთება სავალდებულო გახადა და ჩასვლიდან 2 დღის განმავლობაში, სანამ ნეგატიურ პასუხს არ მიიღებდნენ, მოგზაურები 2-დღიან თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყვნენ.

ბრიტანეთმა ასევე წითელ სიაში შეიყვანა ნიგერია. 27 დაფიქსირებული შემთხვევიდან უმეტესობა სწორედ ნიგერიიდან ჩამოსულებზე მოდის.

შაბათს დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 42 848 შემთხვევა დაფიქსირდა და გარდიაცვალა 127 ადამიანი. დიდი ბრიტანეთი პანდემიის დროს დაღუპულთა რიცხვით (145 000 ადამიანი) რუსეთის შემდეგ ევროპაში მეორეა.

მსოფლიოს ქვეყნები შტამ ომირკონის საეჭვო შემთხვევებს იკვლევენ. დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია, დანია, ისრაელი, ავსტრალია, ჩეხეთი იმ ქვეყანათა შორის არიან, რომლებმაც უკვე დაადასტურეს შტამ ომიკრონით ინფიცირების შემთხვევები.

ქვეყნები ახალი შტამით ინფიცირების პრევენციის მიზნით უკვე აწესებენ შეზღუდვებს. ისრაელის მთავრობამ ომირკონის გავრცელების თავიდან ასაცილებლად 2 კვირით უცხოელი მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტა. შეზღუდვები ასევე დააწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრაზილიამ, კანადამ, ავსტრალიამ და ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ.

შტამ ომიკრონის გავრცელების გამო აფრიკის 8 ქვეყნიდან საზღვრის კვეთაზე რეგულაციები დააწესა საქართველოს მთავრობამაც.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) მიიჩნევს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი შეშფოთებას იწვევს. სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გავრცელებული შტამი უკიდურესად დიდი რაოდენობის მუტაციებს შეიცავს და მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული ვარიანტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.  მიუხედავად ამისა, ჯანმო ქვეყნებს აფრთხილებს, რომ ნაჩქარევად არ შემოიღონ მოგზაურობაზე შეზღუდვები და "რისკის შეფასებისა და სამეცნიერო მიდგომაზე დაფუძნებული მიდგომით" იხელმძღვანელონ.

Pfizer/BioNTech-ის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის ახალი ვარიანტის, ომიკრონის წინააღმდეგ ვაქცინა არაეფექტიანი აღმოჩნდება, კომპანიას შეძლებს 100 დღეში ვაქცინის განახლებული ვერსია შეიმუშაოს და მისი მიწოდებისთვის მზად იყოს. ომიკრონის ვაქცინაზე მუშაობას კომპანია Novavax-იც.

 

კომენტარები