Inter Rao

ნარმანია: INTER RAO ყოველთვის ითხოვს ტარიფების ზრდას, თუმცა კომისია მათი წესებით არ მუშაობს

სემეკ-ის თავმჯდომარე, დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია საქართველოს მიერ რუსულ ენერგოკომპანია Inter RAO-სთან სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავის წაგებას ეხმიანება და ამბობს, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტლება სხვა კომპანიების მიერაც ყოფილა გასაჩივრებული, თუმცა სასამართლო დავა აქამდე არავის მოუგია, რადგან კომისია ძალიან გამჭვირვალე მეთოდებით და ფორმულებით ანგარიშობს ტარიფებს.

"2014 წელს სემეკ-ი ტარიფების გაანგარიშების ახალ, ცივილიზებულ მოდელზე გადავიდა და უარი თქვა იმ ძველ და მახინჯ პრაქტიკაზე, რომელიც არსებობდა. აქედან გამომდინარე, ტარიფი სწორედ ახალი მეთოდით იქნა დათვლილი. მაშინ [2014 წელს] რთული იყო იმის პროგნოზირება, რომ მხარე ამ საკითხს არბიტრაჟში გაასაჩივრებდა, თუმცა გაასაჩივრეს.

არბიტრაჟს ბოლომდე მიიყვანენ შესაბამისი უწყებები. რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი თანხა იყო მოთხოვნილი, თუმცა ნაკლები დაკმაყოფილდა, მაგრამ ეს არ არის ბოლო ინსტანცია.

2014 წლის შემდეგ, ახალი მეთოდოლოგიით არაერთხელ დადგინდა ტარიფები და არავის ეპარება ეჭვი, რომ ეს მეთოდოლოგია დღეს ყველაზე გამართული და აპრობირებულია. ამ მეთოდოლოგიით დადგენილი ტარიფები სხვების მიერაც ყოფილა გასაჩივრებული, თუმცა დავა აქამდე არავის მოუგია, იმიტომ, რომ მარეგულირებელი კომისია აღნიშნული მეთოდოლოგიით, ძალიან გამჭვირვალედ, კონკრეტული ფორმულებით ანგარიშობს ტარიფს.
 
Inter RAO ყოველთვის ითხოვს ტარიფების ზრდას, თუმცა მარეგულირებელი კომისია მათი წესებით არ მუშაობს და მას აქვს თავისი დღის წესრიგი. აქამდე ჩვენ ამ წესებით ვხელმძღვანელობდით და მომავალშიც ასე ვიხელმძღვანელებთ". – ამბობს ნარმანია. 

საქართველომ რუსულ ენერგოკომპანია Inter RAO-სთან სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავა წააგო. სასამართლოს გადაწყვეტილებით ქართულმა მხარემ კომპანიას კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. კომპენსაციის ოდენობა 80.5 მილიონი დოლარით განისაზღვრა. საქართველომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

სტოკჰოლმის არბიტრაჟმა 2021 წლის 19 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Inter RAO-ს ეკუთვნოდა გარკვეული კომპენსაცია. კომპანია ითხოვდა კომპენსაციას 200 მილიონი დოლარის ოდენობით, რაც საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე არ დაკმაყოფილდა და 2021 წლის 23 ნოემბერს კომპენსაციის ოდენობად განისაზღვრა 80.5 მილიონი დოლარი. არბიტრაჟის გადაწყვეტილება ქართულმა მხარემ გაასაჩივრა როგორც დაუსაბუთებელი.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, Inter RAO-სთან საარბიტრაჟო დავა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფების განსაზღვრის საკითხს. სამინისტოს მიხედვით, საქართველოს მთავრობამ ტარიფები განსაზღვრა სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და 2014 წლიდან ელექტროენერგიაზე ტარიფი უფრო მცირეა, ვიდრე კომპანია ითხოვდა.

"სახელმწიფო ახლაც მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული და ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში, როგორც დაუსაბუთებელი. შესაბამისად საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდება და მიუხედავად მისი შედეგისა, ცხადია, ეს გავლენას არ მოახდენს მოსახლეობის ტარიფებზე".ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს წინააღმდეგ Inter Rao-მ სარჩელი 2017 წელს შეიტანა. კომპანია ქვეყნისგან მოითხოვდა იმ ზარალის ანაზრაურებას, რაც მას ლარის გაუფასურებით მიადგა. Inter Rao საქართველოსგან $125 მილიონს ითხოვდა.

Inter Rao ფლობს სს "თელასი"-ს აქციათა 75%-ს, ხოლო სს "ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2"-ის 100%-ს ნიდერლანდებში დაფუძნებული ორი სხვადასხვა შვილობილი კომპანიის მეშვეობით.

Galt & Taggart-ის ენერგეტიკული ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებობს ორმხრივი ინვესტიციების შეთანხმება, რომელიც იცავს უცხოელი ინვესტორის ინტერესებს საქართველოში.

Inter RAO ითხოვს ანაზღაურებას ვალუტის გაუფასურებით მიყენებული ზარალისა, რომლის გათვალისწინებაც არ მოხდა სემეკის მიერ ტარიფის დათვლის დროს. ზოგადად, საქართველოში არსებული სატარიფო მეთოდოლოგია არ ითვალისწინებს ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული დანაკარგების ტარიფში კომპენსირებას.

სარჩელის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში წარდგენამდე, Inter RAO პრეტენზიები წარადგინა საქართველოს მთავრობის წინაშე, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

კომენტარები